დავით აფციაური
დავით აფციაური ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. მას აქვს დიპლომატიურ, საჯარო და აკადემიურ სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
სხვადასხვა დროს დავით აფციაური იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთში, ვიეტნამში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
იგი იყო გაეროს ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხთა მრჩეველთა კომიტეტის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნული კოორდინატორი და გაეროს გენერალური ასამბლეის ბავშვთა საკითხების სპეციალური სესიის ორგანიზების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. ასევე მუშაობდა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს გენერალური მდივნის მოადგილედ და იყო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოს მთავრობის სახელით.
დავით აფციაური არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი და საერთაშორისო პროექტ G-Global-ის მაღალი დონის ექსპერტი.
იგი 20-ზე მეტი სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორია. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და გავლილი აქვს პროფესიული განვითარების პროგრამები საერთაშორისო ურთიერთობების, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
დავით ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.