ხათუნა ბურკაძე
ხათუნა ბურკაძემ ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. მან წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ხათუნა ბურკაძეს აქვს როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ სფეროებში მუშაობის გამოცდილება. მისი აკადემიური კარიერა 2009 წლიდან იწყება. იმ დროიდან ის სალექციო კურსებს კითხულობს საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის მიმართულებით.
ხათუნას ბურკაძეს აქვს აკადემიური სფეროში მუშაობის გამოცდილება უცხოეთშიც. კერძოდ, 2017–2018 წლებში მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრში მიწვეულ მკვლევრად ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს ბარდ კოლეჯის მიწვეული პროფესორი იყო (ნიუ-იორკის შტატი, აშშ), 2014 წელს კი – კოლუმბიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ნაყოფიერად მუშაობს სხვა სფეროებშიც. ამჟამად არის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს მრჩევლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მთავარი კონსულტანტად, „საინფორმაციო ცენტრის ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ’’ მთავარ სპეციალისტად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად, ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის სპეციალისტად. 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”.
მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კიბერუსაფრთხოება, ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული მმართველობა, ხელოვნური ინტელექტი და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ციტირებულია ჰარვარდის ეროვნული უსაფრთხოების ჟურნალში.
2017-2018 წლებში იყო ჰარვარდის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების წევრი. ასევე, იგი გახლდათ 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.