ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური სამეცნიერო შეჯიბრია სკოლის მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადა განკუთვნილია გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისთვის და მათ აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ და დახვეწონ უნარები ალგორითმების დიზაინში, მონაცემთა სტრუქტურებში, პრობლემების ანალიზსა და პროგრამირებაში.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მთავარი მიზანია ინფორმატიკის სფეროში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენა, წახალისება და აღიარება, ასევე ინფორმატიკის, როგორც დისციპლინის, პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ოლიმპიადა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაწილეთა აკადემიური და პრაქტიკული უნარების განვითარებაში და წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილების მიღების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას.
IOI 2026
0:16
0:16
ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI) საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები IOI2026-დან გამარჯვებული ბრუნდება საქართველოში - შედეგები
9-16 აგვისტოს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI 2026) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო დიპლომი მოიპოვა.
ვერცხლის მედალი – ანდრია ვასაძე

ბრინჯაოს მედალი – ვლადიმერ ფრანგიშვილი

საპატიო დიპლომები – ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი

ნაკრების ოთხივე წევრი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეა. საერთაშორისო ასპარეზზე გუნდს პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე ხელმძღვანელობდნენ.
ეროვნული ნაკრების მომზადება განხორციელდა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდაჭერით, რომელიც BTU-ს ინიციატივითა და TBC-ის მხარდაჭერით შეიქმნა. მსოფლიო ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში ნაკრებმა ზამთრისა და საზაფხულო ინტენსიური მოსამზადებელი ბანაკები გაიარა. დასკვნითი ეტაპი 1–7 აგვისტოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში ჩატარდა, სადაც მონაწილეები ოლიმპიადის ფორმატზე მორგებულ ალგორითმულ ამოცანებსა და პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობდნენ.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI) ერთ–ერთია იმ ხუთ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადას შორის, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პრიორიტეტულად აღიარებს. საქართველო აღნიშნულ ოლიმპიადაში 1996 წლიდან მონაწილეობს, ხოლო ეროვნული ნაკრების შერჩევა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე ხორციელდება.
ოლიმპიადის შესახებ
ვისთვის არის ოლიმპიადა?
18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის.
სად ჩატარდება შესარჩევი ოლიმპიადა?
შესარჩევ ოლიმპიადას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით ნაკრების ხელმძღვანელებთან ერთად აორგანიზებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზურნველყობს წინა ოლიმპიადის მონაწილეებისთვის და მომდევნო შერჩეული მონაწილეებისთვის ზამთრის და ზაფხულის ბანაკებს.
სად და როდის ჩატარდება საერთაშორისო ოლიმპიადა?
საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება უზბეკეთში, ტაშკენტში, 9-16 აგვისტოს
რამდენ ეტაპიანია ოლიმპიადა?
შესარჩევი ეტაპი ორტურიანია. თითოეულ ტურზე მოსწავლეებს ამოსახსნელად ეძლევათ 3 ამოცანა და 5 საათი სამუშაო დრო. იგივე ფორმატი მოქმედებს საერთაშორისო ოლიმპიადაზეც.
როგორ შემიძლია მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ფორმა გამოქვეყნდება BTU-ს ვებ-გვერდსა და სოცილურ ქსელებში.
რეგისტრაციის პერიოდი: 1-15 მარტი
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
ოლიმპიადაზე მონაწილეებს ეძლევათ ალგორითმული შინაარსის რთული ამოცანები, რომლებიც გათვლილია დიდი რაოდენობის მონაცემებზე და საჭიროებს ოპტიმალური გადაწყვეტის მოძებნას.
მონაწილემ უნდა: მოიფიქროს ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი ოპტიმალური ალგორითმი და განახორციელოს მისი პროგრამული რეალიზაცია
რის მიხედვით ხდება ნაკრების შერჩევა?
ნაკრების ფორმირება ხდება შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე.
რამდენი წევრისგან შედგება ნაკრები?
ჩატარდება ორი შესარჩევი ტური, რომელთა შედეგების საფუძველზე ფორმირდება ნაკრები: 4 ძირითადი წევრი და 4 რეზერვისტი.
რა სახით ხდება ნაკრების გადამზადება?
ნაკრების წევრების გადამზადება თითოეული ოლიმპიადის წინ ტარდება სპეციალურად ორგანიზებულ 20-დღიან მოსამზადებელ შეკრებაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ნაკრების ძირითად წევრებთან, ისე რეზერვისტებთან და შეესაბამება საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტებს.