
BTU AI-წიგნიერების ეროვნული პროექტის აკადემიური პარტნიორია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) AI-წიგნიერების ეროვნული პროექტის აკადემიური პარტნიორი გახდა.
პარტნიორობის ფარგლებში BTU ჩაერთვება საქართველოში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების განვითარებისა და ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტების მენტორებად ჩართულობას, საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერასა და მასწავლებელი ქალების ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
BTU AI Students Hub-ის მონაწილეთა ნაწილს შესაძლებლობა ექნება, AI-წიგნიერების ეროვნულ პროექტში მენტორებად ჩაერთოს. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო შეხვედრებსა და პრაქტიკულ ვორკშოპებში, დაეხმარებიან მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ათვისებასა და გამოყენებაში და ხელს შეუწყობენ AI-ს შესახებ ცოდნის გავრცელებას.
მენტორობის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის ეფექტიან, უსაფრთხო და პასუხისმგებლობიან გამოყენებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და AI-ს მიერ გენერირებული ინფორმაციის გადამოწმების უნარების გაძლიერებას.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულებაა მასწავლებელი ქალების ტექნოლოგიური და AI-კომპეტენციების განვითარება. პროექტში ჩართული მასწავლებლების ნაწილს შესაძლებლობა ექნება, შეუერთდეს Tech Women Community-ს, რაც მათ პროფესიულ საზოგადოებასთან დაკავშირების, გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის.
AI-წიგნიერების ეროვნული პროექტი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანია, მოსწავლეებმა სკოლიდანვე ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება როგორც სასწავლო პროცესში, ისე შემოქმედებით საქმიანობასა და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას.
2026 წლის პირველ ნახევარში პროექტის საპილოტე ეტაპი საქართველოს 12 სკოლაში, ოთხ რეგიონში განხორციელდა, მასში მონაწილეობა 200-ამდე მოსწავლემ და 50-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. საპილოტე ეტაპზე მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განახლდა სასწავლო პროგრამა, საგანმანათლებლო მასალები და მასწავლებლების მომზადების მოდელი.
2026-2027 სასწავლო წლიდან AI-წიგნიერების პროგრამა საჯარო სკოლებისთვის არჩევითი და კლასგარეშე საგნის ფორმატებით გახდა ხელმისაწვდომი. პროექტი ამჟამად მასშტაბირების ეტაპზეა.
2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილია პროგრამის გაფართოება 30-ამდე სკოლაში, ოთხ რეგიონში და 500-ამდე მოსწავლის ჩართვა. პარალელურად, მასწავლებლების მომზადების პროგრამაში 80-ზე მეტი მასწავლებლის მიღებაა გათვალისწინებული, რომლებიც შესაბამისი გადამზადებისა და სერტიფიცირების შემდეგ შეძლებენ AI-წიგნიერების სწავლების დამოუკიდებლად წარმართვას.
პროექტის განხორციელებაზე GAIA საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობს. ინიციატივის მასშტაბირებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდასაჭერად შექმნილია AI-წიგნიერების კონსორციუმი, რომლის წევრები არიან თიბისი, Mastercard, თეგეტა და სელფი. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Google, რომელიც მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის საკუთარ მოდელებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
BTU-ს ჩართულობა პროექტში უკავშირდება უნივერსიტეტის სტუდენტური AI-ეკოსისტემის განვითარებასაც. BTU AI Students Hub Powered by GAIA საქართველოში პირველი სტუდენტური AI-ეკოსისტემაა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ განათლებას, პრაქტიკულ გამოცდილებას, პროფესიულ თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ ჩართულობას.
ჰაბის საქმიანობა ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას: AI-წიგნიერებას, მენტორობასა და პროფესიული საზოგადოების განვითარებას, რეალურ პროექტებზე მუშაობასა და ცოდნის გაზიარებას. ჰაბის პირველ ნაკადში 30 სტუდენტის ჩართულობაა გათვალისწინებული.
BTU-სა და GAIA-ს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას, მენტორობისა და პროფესიული უნარების განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გავრცელებას უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ.
თანამშრომლობის მიზანია, სტუდენტები გახდნენ არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლები, არამედ ცოდნის გამავრცელებლები და ტექნოლოგიური განათლების განვითარების აქტიური მონაწილეები.


