როგორ შეცვლის კორონავირუსის პანდემია ტექნოლოგიების ინდუსტრიას
მიხეილ ბატიაშვილი
ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
COVID-19 ვირუსის გავრცელებამ პრობლემები არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს შეუქმნა, არამედ სერიოზული დარტყმა მიაყენა მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიასაც. ეპიდემია ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს აღნიშნულ სფეროზე, მაგრამ შევეცადოთ, მოვახდინოთ საწყისი ანალიზი იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე გვაქვს. ასევე, შევაფასოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ უკვე გადადგა.
2020 წლის იანვრის ბოლოს, მედიაში გამოჩნდა პირველი სიახლეები კორონავირუსის შესახებ, რაც ინდუსტრიისთვის საგანგაშო აღმოჩნდა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ორ თვეში, COVID-19 პანდემია ყველა მოვლენას გადაფარავდა და სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, IT-ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელოვან კორექტირებას მოახდენდა.
პრობლემები წარმოებაში
კორონავირუსის გავრცელებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის შექმნილი საშიშროების გამო, ბევრი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია იძულებული გახდა, ოპერაციები აზიაში განეხორციელებინა. Samsung-მა და Foxconn-მა (Apple-ის მთავარი პარტნიორი iPhone-ის სმარტფონების წარმოებაში) ქარხნების მუშაობა შეაჩერეს. Google-მა დროებით დახურა ყველა ოფისი ჩინეთში, ჰონკონგსა და ტაივანში. Apple-მა, OPPO-მ და Vivo-მ წარმოების დროებით შეჩერება გამოაცხადეს და პროდუქციის გამოშვება შეწყვიტეს. ასევე, დროებით შეჩერდა LG Display-ის გამოშვება. რისკის წინაშე დადგნენ Flash-მეხსიერების, SSD-დისკების და მყარი დისკების მწარმოებლები. მათ შორის, Intel, Micron, SK Hynix, Seagate, Western Digital და სხვები. აღნიშნულმა ფაქტებმა ჩინეთიდან მაღალტექნოლოგიური ნაწილების მიწოდების ფაქტობრივი შეწყვეტა გამოიწვია.
კომპანია Apple-მა ბრენდმაღაზიების დახურვის შესახებ განაცხადა, რასაც Microsoft-ისა და სხვა ანალოგიური ბრენდმაღაზიების დახურვაც მოჰყვა.
დასაქმებული თანამშრომლების ოფისებიდან დროებით დათხოვნის და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანის გამო, ბევრი კომპანია იძულებული გახდა ახალი პროდუქციის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადაედო. ყველაზე მეტად დაზარალდა კომპანია OneWeb, რომელიც სატელიტური ინტერნეტის ინფრასტრუქტურას ავითარებდა. პროექტის დაფინანსების შეწყვეტის გამო, კომპანიამ გაკოტრების შესახებ გააკეთა განაცხადი, თუმცა მანამდე შეძლო 74 თანამგზავრის დედამიწის ორბიტაზე გაყვანა.
ღონისძიებების მასობრივი გაუქმება
კორონავირუსის ფართომასშტაბიანმა ეპიდემიამ „თავის ტკივილი“ გამოიწვია ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა გამოფენისა და კონფერენციის ორგანიზატორებისთვის, რომელთაც სასწრაფო რეჟიმში მოუწიათ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება.
გაუქმდა მობილური ინდუსტრიის უმსხვილესი გამოფენები − MWC 2020, ფოტოდამუშავების − Photokina 2020 და CP + 2020. ასევე, ვირუსული ინფექციის გამო გადაიდო SAS გლობალური ფორუმი 2020, Apple-ის პროდუქტების პრეზენტაცია, სადაც მილიონობით მომხმარებელი ახალი IPAD-ის და Iphone-ის წარდგენას ელოდებოდა (შემდგომ, კომპანია Apple-მა ახალი IPAD-ის წარდგენა პირდაპირ ვებგვერდზე განთავსებით განახორციელა). COVID-19-ის შეზღუდვების ფარგლებში მოექცა პროგრამისტებისთვის Facebook-კონფერენცია − F8 და თამაშები მოყვარულებისთვის − E3 2020. ასევე, ონლაინფორმატში ჩატარდება Google I / O 2020, Microsoft Build, Apple WWDC 2020, BAFTA Games Awards 2020 და სხვა.
გაზრდილი დატვირთვა ქსელის ინფრასტრუქტურაზე
პერსონალის მასობრივმა გადაყვანამ დისტანციურ რეჟიმში, ასევე სტრიმინგის, ე.წ. „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგიების მასობრივი გამოყენების, ვიდეოთამაშების, ვიდეოსერვისების და ვიდეოკონფერენციების სისტემების მოთხოვნის გაზრდამ, ინტერნეტმოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა და მისი სტრუქტურის ცვლილებები გამოიწვია.
DE-CIX-ის მონაცემების თანახმად, მონაცემთა ნაკადის ზრდა საშუალოდ 10 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვნად, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა ვიდეოკონფერენციების ტრაფიკი (Skype, Zoom, Team, WebEx და ა.შ.). ონლაინ და ღრუბლოვანი თამაშებისთვის ტრაფიკის მოხმარების ზრდამ 25% შეადგინა, ასევე, შეინიშნება სოციალური ქსელების ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდაც.
ვიდეოსტრიმინგის სერვისების მოცულობა მსოფლიოში 20%-ით, ხოლო ევროპაში 30-40%-ით გაიზარდა. შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა, უკიდურესი ზომები მიეღო და პოპულარული მულტიმედიური სერვისების კომპანიებს სამაუწყებლო ვიდეოს ხარისხის შემცირებისკენ მოუწოდა, ევროკავშირის ქვეყნებში ევროპული ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრებში გაზრდილი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით. რეგულირების რეკომენდაციებს უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა YouTube-ის, Netflix-ის, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა მრავალი მედიამომსახურების მხრიდან.
კიბერდანაშაულთა აქტივობის ზრდა
კომპანიების მასობრივ, დაჩქარებულ რეჟიმში დისტანციურ სამუშაოებზე გადასვლის გამო, გაიზარდა ინციდენტების რაოდენობა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში. ვირუსული ანალიტიკოსების აზრით, მავნე და ფიშინგ ელ.ფოსტის გავრცელების შემთხვევები უფრო გახშირდა სამთავრობო სააგენტოების ოფიციალური ბიულეტენების დახმარებით, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მონაცემების გასავრცელებლად არის შექმნილი. Cisco Systems-ის უსაფრთხოების განყოფილებამ ბოლო კვირების განმავლობაში მსგავსი საფრთხეების რაოდენობის ათჯერ ზრდა დააფიქსირა. ამ დროისთვის, ფიშინგის შეტევები ბიზნესის ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. კომპანიის თანამშრომლები დაუდევრად ხსნიან გაურკვეველ ან ხშირად ყალბი ელ.ფოსტის ვირუსულ დანართებს, რითაც თავდამსხმელებს კორპორაციულ რესურსებზე წვდომის გზებს უხსნიან.
ბიზნესის დაცვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას დაუცველი შორეული წვდომის საფრთხეები − Remote Desktop Protocol (RDP) წარმოადგენს. ექსპერტთა მონაცემებით, კომპიუტერების მინიმუმ 10% საერთო სერვერების შეღწევადობისგან დაუცველია. შეღწევის შემთხვევაში კი დამნაშავეთა ჯგუფს შეუძლია არა მარტო ინფორმაციის მოპარვა ან მონაცემების წაშლა, არამედ არსებულ მონაცემებში ჩასწორებების გაკეთებაც კი. ასეთი ზარალის ან რისკ-ფაქტორების დადგომა კი წარმოუდგენელ შედეგებამდე მიიყვანს კომპანიას.
ტექნოლოგიური კომპანიების სოციალური ინიციატივები
პანდემიის საპასუხოდ, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მომხმარებლების მხარდასაჭერად, მაღალტექნოლოგიურმა ორგანიზაციებმა რესურსების გამოყოფის შესახებ გააკეთეს განაცხადი. ამერიკელმა პროვაიდერებმა დაიწყეს უფასო WiFi-ის შეთავაზება 60 დღის განმავლობაში. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) T-Mobile-ს დამატებითი სიხშირეები მიაწოდა ინტერნეტის უზრუნველყოფის მიზნით. ისეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორებიცაა Facebook, Microsoft, Adobe Systems, Alibaba და სხვა, დაზარალებულების დასახმარებლად საკუთარი კონკრეტული ინიციატივების შეთავაზება წამოიწყეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იაპონური კომპანია Sharp, რომელმაც მოახდინა LCD-პანელის რედაქტირება, ტელევიზორების ქარხნების უსწრაფესი რესტრუქტურიზაცია და ამჟამად სამედიცინო ნიღბებს აწარმოებს. ასევე, აღნიშვნას საჭიროებს კომპანია Google, რომელმაც ვირუსის დამარცხების მიზნით, 800 მილიონი დოლარი გამოყო და რომლის უმეტესი ნაწილი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება. გარდა ამისა, ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში 400-ზე მეტი ექსპერტი საერთო მიზნისთვის − საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებების გახშირებული ჰაკერული შეტევებისგან დასაცავად გაერთიანდა.
სუპერკომპიუტერული საშუალებები ვაქცინის გამოგონების საქმეში
HPC ინდუსტრია (High Performance Computing), პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში.
მაგალითად, IBM-მა ჩამოაყალიბა კონსორციუმი − COVID-19 High Performance Computing, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების კომპანიის სუპერკომპიუტერებს აერთიანებს. მისი საერთო სიმძლავრე 330 petaflops შეადგენს. ეს საქმიანობა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. მაღალი სიმძლავრის გამოთვლითი სისტემები საშუალებას მისცემს ეპიდემიოლოგიის სფეროს მკვლევრებს, ბიოინფორმატიკისა და მოლეკულური მოდელირების სფეროში განახორციელონ დიდი მოცულობის გამოთვლები საათებში ან დღეებში, რასაც ჩვეულებრივ კომპიუტერულ ლაბორატორიებში თვეები ან წლები დასჭირდებოდა.
პროექტის Folding @ Home განაწილებული გამოთვლითი საშუალებების გამოყენებით, ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლები ასევე გაერთიანდნენ ვირუსული საფრთხის წინააღმდეგ. მათ თავიანთი გაერთიანებული კომპიუტერების გამოყენება დაავადების კვლევისა და მისი საწინააღმდეგო წამლების შექმნისათვის დაიწყეს. 400 000-ზე მეტი მოხალისე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას, რომლის წყალობითაც ქსელის მთლიანი გამოთვლითი ენერგია 1.5 ექსტრაუფლს აღემატებოდა. მასშტაბის უკეთ გასაგებად, აღნიშნული სიმძლავრის გაერთიანებული კომპიუტერული გამოთვლითი სისტემა ყველაზე მძლავრია, რომელიც აქამდე შექმნილ ყველა სუპერკომპიუტერულ სიმძლავრეს აღემატება.
რა ელის სამომავლოდ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას
ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსი უახლოეს და შორეულ მომავალში რადიკალურად შეცვლის ძალაუფლების ბალანსს მთელი მსოფლიოს ბაზარზე. ისეთმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორებიცაა Acer, ASUSTeK, AMD, Microsoft, Sony და სხვა, უკვე განაცხადეს ბიზნესზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენისა და შემოსავლის სავარაუდო შემცირების შესახებ. კრიზისის გამო, კომპანიები Dell, VMware, Twitter, იძულებული გახდნენ, უკვე გადაეხედათ თავიანთი ფინანსური პროგნოზებისთვის.
ანალიტიკოსების აზრით, ეპიდემია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს IT-ინდუსტრიის ყველა სეგმენტზე: ნახევარგამტარული მოწყობილობების, ე.წ. დედაბარათებისა და ვიდეობარათების, დისპლეების, ოპტიკური ბოჭკოს, LED-ების, ლითიუმის-იონური ბატარეების, სმარტფონების, სათამაშო კონსოლების წარმოებიდან დაწყებული, სერვერული გადაწყვეტილებებით დამთავრებული.
მოსალოდნელია, რომ პერსონალური კომპიუტერების გაყიდვის მაჩვენებლები 2020 წლის პირველ ნახევარში 30%-ით, ტელევიზორების გლობალური მიწოდება 8,6%-ით, ლეპტოპების 20.3-ით, სმარტფონების − 13.3%-ით შემცირდება. ახალი კორონავირუსის მუდმივი გავრცელება ასევე დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე 5 წლის განმავლობაში 5G-სისტემაში ჩართული სმარტფონების მიწოდებაზე. როგორც აღინიშნება, პანდემიის გამო, მობილური მოწყობილობების მიწოდება მიმდინარე კვარტალში შემცირდება და შესაბამისად, 5G-ჩიპებზე მოთხოვნა ასევე იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება სამედიცინო მოწყობილობებისა და ჯამრთელობის მონიტორინგის როგორც მოწყობილობების წარმოების, ასევე პროგრამული გადაწყვეტილებების ზრდის კუთხით. გაიზრდება როგორც არსებულ ტექნიკურ მოწყობილობებში ჯანმრთელობის მონიტორინგის საშუალებების სრულყოფა, ასევე გაჩნდება სრულიად ახალი ინოვაციური პროდუქტებიც. აღნიშნული ბაზარი უახლოეს წლებში შესაძლოა 500 პროცენტით გაიზარდოს, რაც მეწარმეობის თემის განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს აჩენს.
რაც შეეხება პროგრამული განვითარების ნაწილს, ამ მიმართულებით ექსპერტების უმრავლესობა მისი განვითარების ახალ ტალღაზე მიანიშნებს. ციფრული ტრანსფორმაცია ყველაზე სწორი და სწრაფი გზაა როგორც გრძელვადიანად ხარჯების შემცირებისთვის, ასევე, გაყიდვების სტიმულირებისა და ზოგადად, სამომავლო ანალოგიური რისკის დაზღვევის კუთხით. შეიძლება შეიცვალოს სამუშაოების სფეროები და სტრუქტურა, მაგრამ ციფრულ ტრანსფორმაციას ალტერნატივა ნამდვილად არ გააჩნია.
საქართველოც გლობალური სამყაროს ნაწილია და გასათვალისწინებელია მიმდინარე ტენდენციები, რაც მხოლოდ წინაკრიზისული ანალიზია, ხოლო მისი დასრულების ეტაპზე უფრო ნათლად გამოჩნდება ერთიანი სურათი, რომლის შემდეგ გაცილებით ადვილი გახდება იმ პერსპექტივის დანახვა, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და სიღრმისეული ანალიზი მომავალი განვითარებისთვის. თუმცა, ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ვირუსის შეჩერებას, ასევე, მომავალი ეკონომიკური კრიზისის სიმძიმეს. ბევრი წამყვანი ექსპერტი იმასაც მიანიშნებს, რომ ნამდვილი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც სწორედ ტექნოლოგიების ეპოქაა, სწორედ ამ კრიზისის დასრულების შემდეგ დაიწყება.
მასალის მომზადებისას გამოყენებული ინფორმაცია და ინტერნეტრესურსები: Intel, Google, TrendForce, Cisco Systems, Check Point Software Technologies, Reuters, DigiTimes და ა.შ.