სტარტაპი Villam, რომელიც ფერმერებს ცხოველების მოვლაში ეხმარება, ისრაელელ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს აპლიკაცია და სპეციალური მოწყობილობა, სახელად Villam, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ფერმის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგი. სტარტაპის მიზანია შემცირდეს დაავადების დადგენის დრო და ამ მხრივ ფერმერს სამუშაო პროცესი გაუმარტივდეს. სტუდენტები პროექტზე BTU-ში განხორციელებული MIT-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდნენ და დემო დღეზე Villam საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფავორიტი გახდა.
„მთავარი გამოწვევა პროექტზე მუშაობისას იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ფერმის მენეჯმენტი. ჩვენი სამიზნე სექტორი თავდაპირველად არიან ფერმები, რომლებიც ჰყავთ ძროხები. ბაზრის კვლევისას აღმოვაჩინეთ მთავარი პრობლემა – ცხოველების დაავადება და მათი სწრაფი გავრცელების საფრთხე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შეუაიარაღებელი თვალისთვის რთულად ამოსაცნობია. დანაკარგი კი ფერმერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. გარდა ცხოველის სიკვდილიანობისა, დანაკარგი მოიცავს წარმოებულ რძეს, რომელიც გამოუსადეგარი და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. ამ პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც შეძლებდა დაავადების ნაადრევ ეტაპზე ფერმერისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, Hardware – რომელიც ცხოველის კისერზე დამაგრდება, გაზომავს ცხოველის პულსს, გახურებას და გადაადგილებას. იმ შემთხვევაში თუ პულსი, გახურება ან გადაადგილების მაჩვენებლები საშუალოზე მაღალი ან დაბალი გახდება მოწყობილობა ამ ინფორმაციას აპლიკაციის საშუალებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიაწვდის ფერმერს. გარდა ამისა, პროდუქტს ექნება GPS ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის ადგილმდებარეობის დადგენა. სამიზნე ბაზარს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე რა საკვირველია, ქართული ბაზარია, სამომავლოდ კი ვგეგმავთ საზღვრებს გარეთაც გასვლას,“ – განმარტავენ სტარტაპერები.
დაინფიცირებული ცხოველების რაოდენობის შემიცირებისა და ჯანსაღი რძის წარმოების ხელშეწყობის პარალელურად, დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ VillamApp&Hardware დაეხმარება ქართულ აგროსფეროსგაციფრულებაში.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპს მხარს უჭერს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
ამ ეტაპზე ისინი ემზადებიან გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში ინვესტორებთან შესახვედრად.
რაც შეეხება MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა VillamApp&Hardware, ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა.
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა კომპანიებმა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.