Junior Tech
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კერძო სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობით, პროექტი Junior Tech განახორციელა. პროგრამის ფარგლებში თბილისში და ბათუმში, მოწყვლადი ჯგუფებიდან შერჩეული 15-21 წლის 81 ბენეფიციარი 9 თვის განმავლობაში ციფრული წიგნიერების, ტექნოლოგიური ინგლისურის, გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედია მარკეტინგისა და კარიერული მზაობის მიმართულებით გადამზადდა. პროგრამის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებისთვის კარიერული ბუთქემფი და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რაც სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაცნობას ემსახურებოდა.
Upshift
გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) თანამშრომლობით განხორციელებული სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამა UPSHIFT ახალგაზრდებს ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათზე მორგებული ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში ეხმარება. პროგრამა აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობასა და პროექტების განვითარებას სოციალური ინოვაციების, მეწარმეობისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით და ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრებისეული, ლიდერული და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
ბავშვის უფლებათა ცენტრი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა (BTU) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობით შექმნილი ბავშვის უფლებათა ცენტრი ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის შექმნას, გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ცენტრი აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, ახალგაზრდებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, კვლევით პროექტებსა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობებს. მისი საქმიანობა ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების ინტეგრაციას უმაღლეს განათლებაში და კვლევის, განათლებისა და პოლიტიკის მიმართულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს. ჰაბი უზრუნველყოფს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოსწავლეთა ოლიმპიადების ორგანიზებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მომზადებას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში. ინიციატივა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას, ალგორითმული და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და საქართველოს STEM პოტენციალის გაძლიერებას.
AI4Globe
AI4Globe ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ხელოვნური ინტელექტის, ციფრული წიგნიერების, კიბერჰიგიენისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების შესახებ საგანმანათლებლო რესურსებსა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. ინიციატივა აერთიანებს ანიმაციებს, კომიქსებს, ვიდეომასალებს, ონლაინ ვორქშოფებს, AI ბუთქემფებს, იდეათონებსა და ტექნოლოგიურ ბანაკებს. პროგრამები ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების გაცნობას, ციფრულ გარემოში უსაფრთხო ქცევის განვითარებას, პერსონალური მონაცემების დაცვასა და ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებას.
BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივა
BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შეიქმნა საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება.
Swift პროგრამირების კურსი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS Lab-ში, სკოლის მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებული Swift პროგრამირების კურსი განახორციელა. სამთვიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს iOS დეველოპმენტის საფუძვლები, Swift პროგრამირების ენა, აპლიკაციების შექმნა და განვითარება Apple-ის ეკოსისტემისთვის, ასევე მოემზადნენ საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის.
საბავშვო კოდინგის პროგრამა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS LAB-ში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებისთვის საბავშვო კოდინგის პროგრამა განახორციელა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა iOS დეველოპმენტის საფუძვლები და Apple-ის პროგრამული ენა Swift ინტერაქტიური დავალებების, ფაზლებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით შეისწავლეს. კურსი BTU-ს მიერ სრულად დაფინანსდა.
ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამა მოსწავლეებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინოვაციებისა და სტარტაპების მიმართულებით 4-დღიანი დისტანციური გადამზადების პროგრამა განახორციელა. კურსი მიზნად ისახავდა ინოვაციებისა და სტარტაპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეწარმეობის წახალისებას, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობასა და მონაწილეებისთვის ამ სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობას.
iamtheCODE
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ინიციატივა iamtheCODE ქალებს, მოზარდებსა და ბავშვებს ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პლატფორმა 18 ენაზე შექმნილ 60 000-ზე მეტ სრულად დაფინანსებულ კურსს აერთიანებს და პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების შესწავლას ემსახურება. საქართველოში ინიციატივის ფარგლებში 2 897 ბენეფიციარი ჩაერთო.