ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვეშ მყოფი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. BTU ახორციელებს მაღალი ხარისხის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, სადაც აქცენტი გაკეთებულია ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე ორიენტირებულ სწავლებაზე.
BTU ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რაც ზუსტად პასუხობს მიმდინარე ტენდენციებს და ადგილობრივ თუ გლობალურ საჭიროებებს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, კარიერული განვითარების ცენტრი, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები: ინდუსტრია 4.0 ლაბი, iOS & Android ლაბი, AI ლაბი, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბი, ბლოქჩეინ ლაბი, კიბერუსაფრთხოების ლაბი, მდგრადობის ლაბი, Microsoft ლაბი და Martech ლაბი. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს მეწარმეობის ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციის და ორგანიზაციის წევრი. BTU-ში განხორციელდა და მიმდინარეობს ინსტიტუციური განვითარების 120-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი, რომლის ბენეფიციარიც ყოველწლიურად 1000+ პირია ქვეყნის მასშტაბით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს ამბიცია და ყველა საჭირო რესურსი იმისათვის, რომ მისცეს სტუდენტებს მოტივაცია და შესაძლებლობა, გახდნენ კონკურენტუნარიანი ძალა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.
უნივერსიტეტის ხედვა
ინოვაციების ხელშეწყობითა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც მოღვაწეობს.
უნივერსიტეტის მისია
შევთავაზოთ საზოგადოებას უნიკალური გამოცდილება ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში მისი მოლოდინების შესატყვისი თანამედროვე უმაღლესი განათლება, განვავითაროთ პიროვნების ლიდერული და სამეწარმეო უნარ-ჩვევები, სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის მაღალ ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით მივცეთ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანობის მოტივაცია და შესაძლებლობა. სამეცნიერო კვლევების შედეგების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე, ვიყოთ ორიენტირებულნი თანამედროვე ცოდნის შექმნაზე და გავრცელებაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.
უნივერსიტეტის მიზანი
BTU-ს სტრატეგიულ მიზნებს მიეკუთვნება:
- ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო/ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება;
- აკადემიური თავისუფლების, ეთიკისა და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვა;
- უწყვეტი განათლების პრინციპის და ხარისხის კულტურის დანერგვა;
- ყველა სტუდენტისთვის, მისი შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით, განათლების მიღების, პიროვნული პოტენციალის, სამეცნიერო, შემეცნებითი, პრაქტიკული უნარების განვითარების, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროფილის ფორმირების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა მხარდაჭერის და ხელშეწყობის მექანიზმების ეფექტიანობა;
- თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა;
- შრომის და განათლების ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, ამ პროდუქტის მომხმარებელთა კმაყოფილება;
- სტრატეგიული მიმართულებების რეალიზების მიზნით შესაბამისი მექანიზმების შექმნა და ამოქმედება;
- ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და ადამიანური რესურსის პოტენციალის განვითარება, მათ შორის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის, პერსონალის საქმიანობაში და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობა;
- საგანმანათლებლო საქმიანობაში სასწავლო, სამეცნიერო და დარგობრივი ასპექტების ინტეგრირება;
- სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება. საერთაშორისო აკადემიურ-სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება;
- სამეცნიერო, საგანმანათლებლო და დარგობრივ სფეროებში კავშირების გამყარება, ახალი პარტნიორების მოძიება და კავშირების შექმნა;
- ბტუ-ს ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების რაციონალურად გამოყენება, ადამიანური რესურსის პოტენციალის გამოყენება და განვითარება;
- ბტუ-ს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნება, ფაკულტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია.
ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია
საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრირება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ასოციაციებსა და ქსელებში გაწევრიანება, სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, მოკლე და გრძელვადიანი სტუდენტური და პერსონალის გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, საერთაშორისო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევები, ერთობლივი სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების პროექტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია აერთიანებს.