ხათუნა ბურკაძე
ხათუნა ბურკაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. მან ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი. პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
პროფესორ ხათუნა ბურკაძეს აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ხათუნა ბურკაძე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში. ასევე, პროფესორმა ბურკაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ხათუნა ბურკაძის სამეცნიერო ნაშრომები “ფლეტჩერ ფორუმშიცაა“ გამოქვეყნებული და ციტირებულია “ჰარვარდის ეროვნული უსაფრთხოების” ჟურნალში. მისი განმარტებები დიპლომატიის ორი ახალი სახის: ციფრული და კიბერ დიპლომატიის შესახებ „ფლეტჩერ ფორუმმა“ 21-ე საუკუნის დიპლომატიის რუბრიკაში შეიტანა. ხათუნა ბურკაძე 2017-2018 წლებში იყო სამართლისა და საერთაშორისო განვითარების საზოგადოების წევრი ჰარვარდის სამართლის სკოლაში. ასევე, იგი გახლდათ 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.
ხათუნა ბურკაძე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური სიგელითაა დაჯილდოებული. ასევე, მას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 2024 წლის მეცნიერის პრემია ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის დარგში გადასცა.