„ბაზრის სტრატეგიული მართვა“ – BTU-მ კიდევ ერთი მსოფლიო ბესტსელერი ქართულ ენაზე გამოსცა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მსოფლიო ბესტსელერი ბიზნესლიტერატურაში, „ბაზრის სტრატეგიული მართვა“ გამოიცა. დევიდ ააკერისა და კრისტინ მურმენის ბესტსელერი ქართულ ენაზე უკვე დაბეჭდილია და უახლოეს მომავალში გაყიდვაში ჩაეშვება.
გამოცემა ამ დრომდე უკვე 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნეს აქსელერატორებისა და ინკუბატორების მიერ. ქართულ ენაზე ის „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურის სერიის ფარგლებში გამოიცა.
„ბაზრის სტრატეგიული მართვა“ BTU-ს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მარკეტინგის სილაბუსის ნაწილი გახდება.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ აღნიშნა, ეს არის სახელმძღვანელო, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლები ასწავლიან.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ახალი, მსოფლიო ბესტსელერი ბიზნესლიტერატურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ის საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გამოიცა. ეს გახლავთ წიგნი, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლები ასწავლიან. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო გახდება მნიშვნელოვანი დანამატი ქართულენოვან საბიბლიოთეკო ფონდში. წიგნი გავრცელდება როგორც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში, ისე მაღაზიათა ქსელში და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
წიგნის პრეზენტაცია უნივერსიტეტის 7 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაიმართა. გამოცემა მოწვეულ სტუმრებს Savvy-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ წარუდგინა. მან განაცხადა, რომ დღევანდელ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში „ბაზრის სტრატეგიული მართვა“ მნიშვნელოვანი მასალაა სტუდენტებისთვის.
წიგნი ბაზრის სტრატეგიებთან ეფექტურ გამკლავებას ეხება. ის მენეჯერებს დინამიკურ ბაზრებზე ორიენტირებული ბიზნეს-სტრატეგიების იდენტიფიცირებაში, განხორციელებაში, პრიორიტეტიზაციასა და ადაპტირებაში ეხმარება. გამოცემა გადაწყვეტილების მიმღებებს აწვდის კონკრეტულ მეთოდებსა და იმ ნაბიჯებს, რომლითაც სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ.
ეს წიგნის მე-11 გამოცემაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სტრატეგიული მარკეტინგის, პოლიტიკის, დაგეგმვისა და მეწარმეობის კურსებს, მნიშვნელოვანი ცოდნისა და უნარების გამოსამუშავებლად, ბაზრის გამოწვევებთან წარმატებულად გასამკლავებლად. აქტუალურ განხილვად საკითხებს შორისაა სტრატეგიული ანალიზი, ინოვაციები, ბიზნეს ერთეულებში მუშაობა და მდგრადი უპირატესობის მოპოვება.
წიგნის თარგმანზე BTU-ს გუნდი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ინგლისურენოვანი ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე ადაპტაციაზე აქტიურად მუშაობს.