Introduction of Innovative Technologies in Digitalization of Technological Processes and Production/DIGITECH
ევროკავშირის დაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების ფართომასშტაბიანი პროექტი – DIGITECH – Introduction of Innovative Technologies in Digitalization of Technological Processes and Production მიმდინარეობს, რომელიც ჰამბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (გერმანია) და მარიბორის უნივერსიტეტთან (სლოვენია) პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.
პროექტის მიზანია საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში განათლების ხარისხისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების გაუმჯობესება მათთვის ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიჯიტალიზაციის სფეროში უახლესი უნარების განვითარებით, სწავლების მეთოდოლოგიების მოდერნიზაციასა და აკადემიასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად. პროექტითვე გათვალისწინებულია BTU-ში Digital Twins-ის ინოვაციური ლაბორატორიის შექმნა.
პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ატარებს მასშტაბურ კვლევას სტუდენტთა ცოდნისა და ტექნიკური უნარების შეფასების მიზნით, როგორც სტუდენტების, ისე სასწავლო პროცესში ჩართული ლექტორებისა და დამსაქმებლების მონაწილეობით. საბოლოოდ, კვლევის შედეგების ასახვა მოხდება ბტუ-ს სასწავლო პროგრამებში. აღნიშნული კი თავის მხრივ ემსახურება განათლების შედეგებსა და ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას მოქმედ სასწავლო პროგრამებში ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით, როგორიცაა დიდი მონაცემები (Big Data), მანქანური სწავლება (Machine Learning) და ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence).
Women in AI
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც Norwegian Agency for Development Cooperation (Norad) დაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით განხორციელდა. პროექტი 2024 წლის თებერვლიდან დაიწყო.
ინიციატივის ფარგლებში, ორი ნაკადის განმავლობაში 200 ბენეფიციარი გადამზადდა.
პირველი ნაკადი: 100 ბენეფიციარი (50 – ვებ-დეველოპმენტი, 50 – ხელოვნური ინტელექტი)
მეორე ნაკადი: 100 ბენეფიციარი (50 – ვებ-დეველოპმენტი, 50 – ხელოვნური ინტელექტი)
პროექტი გულისხმობს ბენეფიციართა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, ინტენსიურ 9 თვიან სასწავლო პროგრამას, რომელიც სრულად ფინანსდება დონორთა მიერ და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა.
ქალები ხელოვნურ ინტელექტში 2.0 (Geo)
ქალები ხელოვნურ ინტელექტში 2.0 წარმოადგენს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მასშტაბურ ეროვნულ ინიციატივას, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) მხარდაჭერით.
პროგრამა ეფუძნება ქალები ხელოვნურ ინტელექტში და 500 Women in Tech ინიციატივების წარმატებულ გამოცდილებას და წარმოადგენს BTU-ის გრძელვადიანი ხედვისა და ძალისხმევის მომდევნო ეტაპს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქალთა მონაწილეობის, ლიდერობისა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას ციფრულ ეკონომიკაში.
ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია 200 ბენეფიციარის გადამზადება ორ ნაკადად:
- პირველი ნაკადი: 100 ბენეფიციარი (25 – ვებ-დეველოპმენტი (Frontend), 25 – ხელოვნური ინტელექტი (AI), 25 – ციფრული პროდუქტების ტესტირება, 25 – მონაცემთა მეცნიერება (Data Science))
- მეორე ნაკადი: 100 ბენეფიციარი (25 – ვებ-დეველოპმენტი (Frontend), 25 – ხელოვნური ინტელექტი (AI), 25 – ციფრული პროდუქტების ტესტირება, 25 – მონაცემთა მეცნიერება (Data Science))
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები გაივლიან 4-თვიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც სრულად ფინანსდება დონორების მიერ. პროგრამა მონაწილეებს უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით. ამასთან, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობით, პროექტი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და გენდერული უთანასწორობის შემცირებას.
AI და ციფრული კომერცია ქალებისთვის
AI და ციფრული კომერცია ქალებისთვის წარმოადგენს 12-თვიან საპილოტე ინიციატივას, რომელიც მასტერქარდის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში შერჩეული 25 ქალი მეწარმის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ელექტრონული კომერციის ბიზნესების შექმნა, განვითარება და მასშტაბირება.
პროგრამა აერთიანებს ფინანსურ წიგნიერებას, ციფრულ მეწარმეობას, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებასა და ელექტრონული კომერციის პლატფორმების განვითარებას. შედეგად, მონაწილეები შეძლებენ საწყისი ბიზნეს იდეების გარდაქმნას სრულად ფუნქციონირებად ონლაინ ბიზნესებად, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ციფრული გადახდის სისტემებთან.
პრაქტიკაზე ორიენტირებული, სტრუქტურირებული სასწავლო პროცესის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ იმ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს, თანამედროვე ინსტრუმენტებსა და პროფესიულ ქსელებზე წვდომას, რომელიც აუცილებელია ციფრულ ეკონომიკაში აქტიური ჩართულობისა და მდგრადი შემოსავლის გენერირებისთვის.
პროგრამის ძირითადი კომპონენტები:
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება – მონაწილეები პროგრამის განმავლობაში ეტაპობრივად ავითარებენ საკუთარ რეალურ ბიზნესს და არა მხოლოდ თეორიულ პროექტებს.
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ყველა ეტაპზე – AI-ის ინსტრუმენტები გამოიყენება მარკეტინგში, ოპერაციულ პროცესებში, მონაცემთა ანალიზსა და მომხმარებელთან ურთიერთობაში.
ინკლუზიურობის პრინციპი – პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და მრავალფეროვანი სოციალური თუ პროფესიული გამოცდილების მქონე ქალების ჩართულობას.
პარტნიორობაზე დაფუძნებული განხორციელება – პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა ეკოსისტემის წარმომადგენლებთან, მათ შორის გადახდის სისტემების პროვაიდერებთან და განვითარების პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შეიქმნა საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორქშოფებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.
ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდა ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.
ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო:
- კიბერჰიგიენა
- სოციალური მედიის უსაფრთხოება
- სოციალური ინჟინერია და ფიშინგის ტიპები
- კიბერბულინგი და სახიფათო თამაშები
- ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
- რა არის ხელოვნური ინტელექტი?
- როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი
- ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
- მონაცემები და AI-ის აპლიკაციები
- AI ტექნოლოგიების საწყისები ბავშვებისთვის
- ეთიკა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება AI-ში ბავშვებისთვის
- ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა პროფესიები
- როგორ მუშაობს ნივთების ინტერნეტი AI-ში
- ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები განათლებაში
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თამაშების შესაქმნელად
- ხელოვნური ინტელექტის როლი კლიმატის ცვლილებებში
- ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა
- ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის
- ცრუ ახალი ამბები და Deepfake: ინსტრუმენტები
- რა არის ციფრული ნაკვალევი?
AI სტარტაპ პრე-აქსელერატორი
2025 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში BTU-ს მეწარმეობის ცენტრის მიერ AI სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა განხორციელდა. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპები საქართველოს მასშტაბით. აქსელერაციის 6 კვირიანი პროგრამა განხორციელდა MIT-ს Martin Trust Center-თან პარტნიორობით, რომლის ფარგლებშიც MIT-ს ექსპერტებმა და რეზიდენტმა ანტრეპრენერებმა მენტორინგი გაუწიეს პრე-აქსელერაციის მონაწილე სტარტაპებს. პროგრამის დემო დღეზე გამოვლინდა ორი საუკეთესო AI სტარტაპი და ჯამში გაიცა 15.000 ლარიანი გრანტი.