სამეცნიერო კაფე, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შეიქმნა როგორც არაფორმალური სამეცნიერო დისკუსიების, საუბრების, კვლევების განხილვისა და ახალი სამეცნიერო კავშირების დამყარების ხელშემწყობი პლატფორმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) დაარსდა 2023 წლის 10 ნოემბერს – მეცნიერების საერთაშორისო დღეს.
სამეცნიერო კაფე მოიაზრება, როგორც BTU-ს აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ინტერაქციული სივრცე, რომელიც ამავდროულად, ხელს შეუწყობს კავშირების გაძლერებას სამეცნიერო საზოგადოებასა და კერძო სექტორს, მათ შორის ინდუსტრიას შორის. სამეცნიერო კაფე გააერთიანებს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და გახდება დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო დისკუსიების, კვლევების მიმოხილვისა და ახალი კოლაბორაციული პროექტების ინიცირების ადგილი.
BTU-ს სამეცნიერო კაფე იძებნება საერთაშორისო პლატფორმაზე sciencecafes.org, სადაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებია გაზიარებული.
BTU-ს სამეცნიერო კაფე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს:
- სამეცნიერო კომუნიკაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის;
- ინტერდისციპლინურ საუბრებს – დისკუსიებს, რომლებიც სცილდება აკადემიურ საზღვრებს და წაახალისებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროს ახალგაზრდა მეცნიერებსა და ინდუსტრიებს შორის;
- ცოდნის გაცვლას და გადაცემას – პლატფორმის შექმნას, სადაც დოქტორანტებს შეეძლებათ გაუზიარონ თავიანთი კვლევა, ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, სტუდენტებსა და საზოგადოებას;
- ინტერდისციპლინური დიალოგის ინიცირებას – თანამშრომლობის ხელშეწყობას იმ თემების განხილვით, რომლებიც აქტუალურია და თანხვედრაშია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევით პრიორიტეტებთან;
- პროფესიულ განვითარებას – დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შესთავაზოს კომუნიკაციის უნარების განვითარება და ბიზნეს სექტორისთვის მათ ინტერესებზე მორგებული პრეზენტაციების წარმართვა.
სამეცნიერო კაფე-ს ფარგლებში პირველი ღონისძიება დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის გაიმართა 2023 წლის 10 ნოემბერს, სადაც BTU-ს დოქტორანტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი თემატიკები, რასაც მოყვა თემატური დისკუსიები პარალელურ ჯგუფებში, ინიცირდა ერთობლივი კვლევითი პროექტები და წარედგინა BTU-ს ადმინისტრაციულ გუნდს.
2024 წლის 14 ივნისს სამეცნიერო კაფე-ს ფარგლებში გაიმართა წლის მეცნიერის, BTU-ს პროფესორის ხ. ბურკაძის დაჯილდოვების ცერემონია და მისი სამეცნიერო კვლევის განხილვა, ასევე, BTU-ს პროფესორის ვლ. სვანაძის წიგნის: “კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები” პრეზენტაცია და დოქტორანტთა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში“.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში იგეგმება სტუდენტური პროექტების კონკურსის ინიცირება და კონკურსის გამარჯვებულების საჯარო პრეზენტაციები სამეცნიერო კაფე-ს სივრცეში.