ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ხელისუფლებასთან პარტნიორობით
საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ტექნოპარკში „ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება. გადამზადების მსურველები ეტაპობრივად შეირჩევიან რეგიონულ ცენტრებში და ვებინარებისა და სემინარების ფორმატით გადამზადდებიან.
პროექტის მიზანია რეგიონში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების შესაძლებლობას მისცემთ. პროექტის ფარგლებში, ბისნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე’’. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს მისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს. პროექტის საპილოტე ვერსია კასპის რაიონში, მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ბენეფიციარების გადამზადება ვებინარებით და რეგიონალურ ცენტრებში გამართული სემინარებით მოხდება.
ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით განხორციელდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის freelancer.com- ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2.6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ „საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.