ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საჯარო სექტორში – BTU-ში პანელური დისკუსია გაიმართა
ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი – ეს იყო მთავარი თემა პანელური დისკუსიისა, რომელიც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის (unicri) ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების შემდეგ გაიმართა.
BTU-ს აკადემიურმა საბჭომ ირაკლი ბერიძე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის დანერგვისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა.
პანელური დისკუსიაც სწორედ აღნიშნული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და დანერგვას ეხებოდა და მასში ირაკლი ბერიძესთან ერთად მონაწილეობდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საჯაროს სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თეა სამჭკუაშვილი.
დისკუსიის დროს მათ ყურადღება გაამახვილეს ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში სახელმწიფოს, აკადემიური და კერძო სექტორის როლზე. მონაწილეთა მოსაზრებით, BTU-ში ახლად აკრედიტებული სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ პროცესების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. პროგრამაზე საჯარო სექტორიდან უკვე 5 კანდიდატია ჩარიცხული.
პროგრამის ხელმძღვანელისა და პანელური დისკუსიის მოდერატორმა ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიული დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც საჯარო სექტორში შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება.
„BTU-ს აქვს უნიკალური სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“, რომლის დოქტორანტებიც დღეს გავიცანით და მათ მცირე მონახაზი გააკეთეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რაც ქვეყანას სჭირდება. პანელური დისკუსიის იდეა გახლდათ ჩვენი პრიორიტეტი, რაც სახელმწიფოს ციფრულ მმართველობასთან და ამ მმართველობის დროს ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით აქვს აღებული. ასევე, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიული დოკუმენტი შედგეს, რა შეიძლება განისაზღვროს ციფრული მმართველობის დროს პრიორიტეტულ ნაწილად და მათ შორის სტრატეგიულ პრიორიტეტებად და სად შეიძლება იყოს გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ელემენტები. ეს იყო დღევანდელი პანელური დისკუსიის ძირითადი არსი და ძალიან გვიხარია, რომ ქვეყანას აქვს საშუალება, ასეთი ტიპის სადოქტორო პროგრამები და კვლევები განავითაროს და სახელმწიფოს დაეხმაროს ციფრული მმართველობის ჩამოყალიბების ნაწილში,“ – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
სადოქტორო პროგრამის შექმნა შეაფასა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ისაუბრა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარება. მოგეხსენებათ, რომ ეს დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასე ვითარდება თანამედროვე ეკონომიკა, თანამედროვე მსოფლიო. ამიტომ იმისათვის, რომ ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს განვითარების ტენდენციებს, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სახელმწიფომ ჩვენთანაც დაიწყოს უკვე მსჯელობა, თუ რა უნდა იყოს ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით სახელმწიფოს სტრატეგია და მეორე მხრივ, უნივერსიტეტებში, რომელთათვისაც პროფილურია ეს მიმართულება, გაკეთდეს შესაბამისი კვლევები, თუ როგორ შეიძლება და რა შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს, რომ პოზიციონირება გაკეთდეს ამ მიმართულებით. თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის ხედვისა და კონცეფციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
BTU-ს სადოქტორო პროგრამისა და საჯარო სექტორში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესახებ ისაუბრა საჯაროს სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თეა სამჭკუაშვილმაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ BTU მუდმივად მხარს უჭერს ტექნოლოგიების დანერგვას და ამისთვის შესაბამის ღონისძიებებს მართავს.
„თანამედროვე გამოწვევების პირობებში ციფრული ტექნოლოგიები მეტად საჭირო და აქტუალურია. შეიძლება დღევანდელ მოცემულობაში არსებული საჯარო მართვის ინსტრუმენტები იმ დროს, როცა დაინერგა პასუხობდა შესაბამის გამოწვევებს, თუმცა ახლა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა გადაიხედოს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს უკავშირდება მართვის პროცესის ეკონომიურობა-ეფექტიანობას და სწორედ ეს არის ის ძირითადი ხაზი, რის გამოც დაინტერესდებიან საჯარო ინსტიტუციები, რომ უზრუნველყონ თავიანთი ტექნოლოგიები, თავიანთი სერვისების მიწოდება, გამჭვირვალობის ღიაობის სტანდარტის აწევა და ა. შ. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ საკითხზე რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოწევების უფრო მეტად იდენტიფიცირებას,“ – განაცხადა თეა სამჭკუაშვილმა.
პანელური დისკუსიის მთავარ თემაზე კომენტარი გააკეთა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ რექტორმა ნინო ენუქიძემაც. მისი თქმით, ირაკლი ბერიძის ჩართულობა ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესში უმნიშვნელოვანესია.
„გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრი არის ერთეული, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მაქსიმალურად სასიკეთოდ აითვისოს სხვადასხვა ქვეყანამ. ჩვენი ქვეყნისთვის სასიხარულოდ მას ხელმძღვანელობს ქართველი – ირაკლი ბერიძე, რომელიც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“ ძალიან დაეხმარა სადოქტორო პროგრამის უმაღლესი სტანდარტით შესრულებაში, შემუშავებასა და საერთაშორისოდ არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი აკრედიტაციის გავლაში,“ – განაცხადა „ბიზნესის და ტექნოლოგიების“ რექტორმა ნინო ენუქიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება მოიცავდა ირაკლი ბერიძისთვის საპატიო დოქტორის გადაცემას, მის მასტერკლასს, BTU-ს ახლად აკრედიტებულ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული კანდიდატების გაცნობასა და პანელურ დისკუსიას.