როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა კორონავირუსულ სამყაროში?
ავტორი: ბენჯამინ ლეიკერი
მაშინ როდესაც მილიონობით ადამიანი კორონავირუსის პანდემიას იზოლაციით ებრძვის, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება უკიდურესად აუცილებელი გახდა.
პოზიტიური ლიდერშიფის კონსულტაციისა და ქოუჩინგის ცენტრის Positively Leadings-ის დამფუძნებელი, მაიკ ბუაჩინი, პენსილვანიის უნივერსიტეტში პოზიტიური ფსიქოლოგიის საკითხებზე მუშაობს და რამდენიმე რჩევას გვთავაზობს.
პოზიტიური ემოცია
- პოზიტიური ემოცია ბედნიერების საწინდარია. დადებით ემოციები არ ნიშნავს მხოლოდ ღიმილს: ეს ოპტიმიზმის შენარჩუნების და საკუთარი რეალური მდგომარეობის პოზიტიურად ხედვის უნარია. რადგანაც კორონა ვირუსმა დღეს ოპტიმიზმი გამოწვევად აქცია, გთავაზობთ რამდენიმე გზას რაც დაგეხმარებათ ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებაში;
- ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ სოციალური მედიაში და შეზღუდოთ საინფორმაციო გადაცემებს ყურების დრო: დღეში მხოლოდ ერთხელ გაეცანით ახალ ამბებს რათა არ მოხდეს თქვენი გონების ნეგატიური ინფორმაციით გადატვირთვა – გამორთეთ სატელევიზიო თუ რადიო საინფორმაციო არხები, ასევე ხშირად არ გახსნათ ელ-ფოსტა რომელიც ახალ ამბებს გაცნობებთ;
- გამოყავით დრო თქვენი ოჯახის წევრებისთვის და გარშემომყოფებისთვის: ჩამოწერეთ სამ ან მეტ პუნქტიანი სია რისთვისაც მადლობელი ხართ და გაუზიარეთ ეს მადლიერება სხვებს;
- გამოყავით საკმარისი დრო მშვიდად მიირთვათ ყავა შესვენების დროს; გამოიყენეს ეს დრო სხვებთან სასაუბროდ, იქნება ეს პირისპირ თუ დისტანციურად – მოერიდეთ კორონა ვირუსზე საუბარს ან თავიდანვე შეთანხმდით კოლეგებთან რომ არ ისაუბრებთ ამ თემაზე შესვენების დროს;
- გაუზიარეთ სიხარული და გამოხატეთ კმაყოფილება ოჯახის წევრების მიმართ;
- ახლებურად შეხედეთ ყოველდღიურ რუტინას, როგორიცაა მაგალითად სადილის მომზადება და ეცადეთ ხალისით შეასრულოთ ასეთი მარტივი სამუშაოები. ეს თქვენთვისაც და თქვენი გარშემომყოფთათვისაც სასარგებლო იქნება.
ჩართულობა
იზოლაციის პირობებში რაიმე ერთ კონკრეტულ საქმეში ჩართულობამ კიდევ უფრო აქტუალური ხასიათი მიიღო. აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს პოზიტიური ჰორმონების გამოყოფას ჩვენს ორგანიზმში და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. სპორტსმენები, მუსიკოსები და სხვა მსგავსი პროფესიების წარმომადგენლები კარგად იცნობენ ამ ფენომენს, როდესაც ისინი ყურადღებას ერთ ამოცანაზე ამახვილებენ და ივიწყებენ გარშემო არსებულ გარემოს. ასეთ ჩართულობას სიმშვიდე და სიხარული მოაქვს. თქვენც შეგიძლიათ განიცადოთ მსგავსი ემოცია სახლის პირობებში თუ შეამცირებთ სოციალურ აქტივობებს და დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. ამის მიღწევაში შემდეგი აქტივობები შეიძლება დაგეხმაროთ:
- დღის განმავლობაში ეცადეთ გამოყოთ დრო გაეცნოთ რაიმე კვლევას ან წაიკითხოთ ინფორმაციული წიგნი თუნდაც ძილის წინ;
- ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს როდესაც ისინი საკუთარი ცხოვრების შესახებ გიყვებიან, ეს იქნება თქვენი ოჯახის წევრი თუ მეგობარი; ეცადეთ არ შეაწყვეტინოთ საუბარი და დაფიქრდით ახალი რა გაგიგეთ მათზე ან თუნდაც საკუთარ თავზე;
- ივარჯიშეთ, იმღერეთ, ან დაუკარით მუსიკალურ ინსტრუმენტზე – ასეთი აქტივობები სიმშვიდეს მოგგვრით და მოგიტანთ კმაყოფილების განცდას.
ყველა ეს აქტივობა ავითარებს ჩვენს ინტელექტს, უნარებს და ემოციურ შესაძლებლობებს.
ურთიერთობები
ჩვენს ცხოვრებაში სოციალურ ურთიერთობებს და კავშირებს გადამწყვეტი როლი უკავია. სხვებთან ურთიერთობა ჩვენ გვზრდის და გვივითარებს ისეთ მძლავრ ემოციებს როგორიცაა სიყვარული და ახლო მეგობრობა. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია პირისპირ ურთიერთობას სახლში თუ სამსახურში, ჩვენი იზოლაციაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, პირიქით უნდა ვეცადოთ გამოვძებნოთ ურთიერთობის ახალი ფორმები. ახლა დროა ვიზრუნოთ ურთიერთობებზე სახლში და ყურადღებით ვიყოთ მათ მიმართ ვისაც არ აქვს სოციალური მედიაზე წვდომა, მაგალითად მოხუცებს. სიკეთე წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ და ჩვენი ფიზიკური იზოლაცია არ უნდა გადავაქციოთ ჩვენს ემოციურ იზოლაციად, განსაკუთრებით მსოფლიოში გამეფებული კორონა ვირუსის პირობებში. მიკუთვნების განცდა, გააზრება იმისა რომ ჩვენ გარკვეულ ჯგუფს მივეკუთვნებით გვეხმარება თავი უსაფრთხოდ და დაფასებულად ვიგრძნოთ. კარგი ურთიერთობები ემყარება სხვების გაგებას, რაც გვაახლოებს ადამიანებთან და ეს სიახლოვე კი სიხარულის წყაროა რომელსაც ყველა ვეძებთ და რომელიც ყველას ასე გვჭირდება. ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
- მოიკითხეთ მეზობლები, თუნდაც ტელეფონით ან უსაფრთხო მანძილიდან; გამოკითხეთ როგორ არიან, როგორ უმკლავდებიან პანდემიას და ჰკითხეთ თუ სჭირდებათ რამეში დახმარება, მოუსმინეთ და ეცადეთ რაიმით დაეხმაროთ;
- ესაუბრეთ კოლეგებს თუ როგორ უმკლავდებიან ისინი სახლიდან მუშაობას, უბრალოდ მოუსმინეთ;
- გამოყავით დრო თქვენი პარტნიორისა და შვილებისთვის, მოუსმინეთ რა აქვთ სათქმელი.
ყურადღებით მოსმენა ნიშნავს გაითავისოთ ემოციები და გრძნობები, რომლებსაც ადამიანები განიცდიან. თუ აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ მსგავსი რამ ( დატვირთული გრაფიკის გამო ან პირადი პრობლემების გამო) და ეს თქვენთვის უჩვეულო რამეა, მაშინ ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება რომ ერთი ორად გაიუმჯობესოთ პირადი ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
ცხოვრების არსი
კორონავირუსმა ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია აიძულა ახლებურად შეეხედათ საკუთარი მიზნებისთვის. ეს არის მიზნები რომლებიც ცხოვრების აზრს გვაძლევენ, იმ ცხოვრების რომლის მთავარი ინგრედიენტიც საკუთარი თავის რეალიზებაა. ბევრი ადამიანის შემთხვევაში ამ მისიას რელიგია და სულიერება ასრულებს, ასევე მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული სამუშაოს შესრულება, ეს იქნება ბავშვების აღზრდა, საქველმოქმედო საქმის კეთება თუ საკუთარი თავის გამოხატვა შემოქმედების გზით. როგორც წესი, ადამიანები მატერიალური საკუთრებაში პოულობენ სიამოვნებას, მაგრამ არა ცხოვრების აზრს, ეს უკანასკნელი გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს სად მუშაობთ, ოფისში, თუ სახლში, იფიქრეთ იმაზე თუ რაზე იხარჯება თქვენი დრო, არის ის რაიმის მომცემი თქვენთვის? ამიტომაც ალბათ უკეთესი იქნება თუ შეეცდებით დრო დაუთმოთ ისეთ აქტივობას რაც დაგეხმარებათ ცხოვრების არსის წვდომაში. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული დრო:
- კარგად გაიაზრეთ თქვენი ცხოვრების არსი, დაწერეთ, დახვეწეთ და როდესაც მზად იქნებით გაუზიარეთ იგი სხვებს, ეს უკანასკნელი მძლავრი მამოძრავებელი ძალაა თქვენი გეგმების სისრულეში მოსაყვანად. ‘ ჩემს მიზანს წარმოადგენს დავეხმარო სხვებს განვითარებაში, კეთილშობილური აზრია თუმცა ძალზე ზოგადი, მაგრამ ეს მე მაწყობს, რაც შეიძლება თქვენთვის არაფერს ნიშნავდეს’ – ამბობს მაიკი;
- და როდესაც უკვე ჩაწვდებით ცხოვრების არსს ( ეს შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს ვიდრე კორონა ვირუსის პანდემია), მაგრამ ეცადეთ კარგად დაგეგმოთ თქვენს გონებაში ან დაწეროთ ქაღალდზე, თუ რამდენად თავსებადია თქვენი ამჟამინდელი ხედვა და მიდგომა თქვენს საბოლოო მიზანთან. დაფიქრდით რომელი საქმიანობა ან რომელი ურთიერთობა მიგიყვანთ ახლოს ამ მიზანთან, და რომელი არა. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი პირადი განვითარების გეგმა.
მიღწევები
პოზიტიური აზროვნებისთვის, განვითარებისთვის და ბედნიერებისთვის აუცილებელია გქონდეთ განცდა რომ მიაღწიეთ საკუთარ მიზანს. სწორედ ამიტომ არის ალბათ რომ ადამინები ადგენენ სიას თუ რისი გაკეთება სურთ სიცოცხლეში. როგორიც არ უნდა იყოს თქვენს გარშემო არსებული რეალობა, მიზნების ასრულება გვეხმარება გავიაზროთ რომ ჩვენი ცხოვრების სადავეები ჩვენს ხელთაა. არ არის აუცილებელი გრანდიოზული გეგმების დასახვა. და სანამ იზოლაციაში ვიმყოფებით, ეცადეთ რეალური და მიღწევადი მიზნები დაისახოთ:
- გახდით ფიზიკურად უფრო აქტიური; ყოველი საათის დასრულებისთანავე 10 წუთით გადით სუფთა ჰაერზე, გაერიდეთ სამუშაო ოთახს, მოწყდით სამუშაო გარემოს;
- მოამზადეთ რაიმე ახალი კერძი;
- ხელით დაწერეთ წერილი (და არა იმეილი ან პოსტი სოციალურ მედიაში), რომელშიც თქვენს მადლიერებას გამოხატავთ იმ ადამიანების მიმართ ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ როდესაც ეს ძლიან გჭირდებოდათ – გაუგზავნეთ ეს წერილი მათ, წარმოიდგინეთ რა სიხარულს მოჰგვრის თქვენი წერილის წაკითხვა იმ ადამიანს;
- და ბოლოს ესაუბრეთ თქვენს უფროსს თქვენს მისწრაფებებზე და მოლოდინებზე სამსახურთან დაკავშირებით, ეცადეთ მოიპოვოთ მისი თანადგომა;
- უთხარით მათ ვინც თქვენთვის ძვირფასია რომ გიყვართ; აღიარეთ, ამის გაკეთება უფრო ხშირად შეგიძლიათ ვიდრე აკეთებთ, და ახლა სწორედაც რომ შესანიშნავი დრო და შესაძლებლობა გაქვთ.