პირველი არხის ჟურნალისტების ტრენინგი AI-ს მიმართულებით BTU-ს მიერ განხორციელდა
ტრენინგები AI-ს მიმართულებით, პირველი არხის გუნდისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა. გადამზადების მოდულები ჩატარდა ჟურნალისტებისთვის, მედიამენეჯერებისთვის და აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის, რომელთაც, უნივერსიტეტის ტრენერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეასწავლეს. მონაწილეთა შორის იყვნენ სოციალური მედიის მართვის თანამშრომლები, რეპორტიორები, გრაფიკული დიზაინერები, მკვლევრები, რედაქტორები და სხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.
ტრენინგების ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის ისტორია, მისი გამოყენება ყოველდღიურობაში, ChatGPT-სთან კითხვების დასმის ტექნიკები, კონტენტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც მარკეტინგული მიზნებისთვის, ისე სოციალური მედიისთვის, ასევე ChatGPT-ს გამოყენება კვლევის ჩატარებისთვის, ვიზუალური მასალის შესაქმნელად, AI-ს ეთიკა, შეზღუდვები და სხვა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის გასამარტივებლად და უკეთესი შედეგის მისაღწევად. თეორიული ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ საშუალება ჰქონდათ თავად შეექმნათ სასურველი პროდუქტები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ტრენინგი BTU AI LAB-ის ფარგლებში დაიგეგმა და ჩატარდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დარგობრივი ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში, მისი განვითარებისა და ხელმისაწვომობის ზრდაში. BTU AI კონცეფციის ფარგლებში უკვე იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და სხვადასხვა პროცესში ინერგება. მათ შორისაა: საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი.