NCURA სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა BTU-ში
აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა, რომელიც რეგიონში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას გულისხმობს, საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და აშშის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოს (NCURA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. რომლის მთავარი მიზანია, გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოს და აშშ-ის ინსტიტუციებს შორის და გაზარდოს კვლევის ადმინისტრირების უნარები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მომზადდება ‘NCURA სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა’ – კვლევის ადმინისტრირების მიმართულებით, NCURA-ს ხელმძღვანელობითა და გამოცდილების გაზიარების გზით. დაიგეგმება და განხორციელდება ყოველთვიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები, ცოდნის გაზიარების და გაცვლის სესიები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით; გაზიარდება საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკები, რესურსები და განახლებული ინფორმაცია, ხელი შეეწყობა რეგიონის ინსტიტუციების საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევისა და მეწარმეობის მიმართულებით.
NCURA -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთლინ ლარმეტმა დასძინა, ,,კვლევის ადმინისტრატორთა საზოგადოების გაფართოება გააძლიერებს გლობალურ სამეცნიერო თანამშროლობას და ხელს შეუწყობს მეცნიერთა შორის ცოდნის გაზიარებას. ეს ინიციატივა გაზრდის იმ პირთა წრეს, რომელთაც შეეძლებათ კვლევის სხვადასხვა დამფინანსებლის (სპონსორის) მოთხოვნათა ინტერპრეტაცია და თავიანთი ინსტიტუციების და ქვეყნების დახმარება კვლევის საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მიმავალ გზაზე“.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ნინო ენუქიძემ, ხაზი გაუსვა ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონისთვის – როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის, ასევე – მეწარმეებისთვის. სხვა ამოცანებთან ერთად, ეს ინიციატივა დაეხმარება სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და რეგიონის აკადემიურ საზოგადოებას, რომ გაიძლიერონ კვლევისა და კომერციალიზაციის უნარები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მხარს უჭერს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინიციატივა ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა’’ (UCBP). პროგრამის მიზანი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების ინდუსტრიასთან დაკავშირება და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებაა. UCBP ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭო (NCURA) დაარსდა 1959 წელს და აერთიანებს 7500 წევრს 40 ქვეყნის 1100-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან. საბჭო აქტიურად არის ჩართული კვლევის ადმინისტრატორებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების განვითარებაში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. NCURAს მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციის ყველა წევრს კვლევის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში და ხელი შეუწყოს მათი გამოცდილების გაზრდას აღნიშნული მიმართულებით.
NCURA არის არასამთავრობო პროფესიული საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ადმინისტრატორთა პროფესიის განვითარებას განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, მრავალფეროვანი, კოლეგიური გლობალური საზოგადოების განვითარების გზით.