კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქართველოს შესაძლებლობების მხარდასაჭერად საინფორმაციო კამპანია იწყება
კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერა – ამ მიზნით საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვას ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნება საინფორმაციო ხასიათის სპეციალური ვიდეორგოლები. ისინი ყოველკვირეულად GCSD-ისა და BTU-ის სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება. პარალელურად, ვიდეოები რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება.
ვიდეოები ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პერსონალური მონაცემები, ფიშინგი, ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება, სოციალური ქსელები, მობილური მოწყობილობები, დეზინფორმაცია და სხვა.
პროექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გასაზრდელად დაიგეგმა, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
კიბერსაფრთხეები და დეზინფორმაცია დღეს საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ზოგადად, დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
დეზინფორმაცია ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში აზრის ფორმირების ბუნებრივ პროცესზე და ცვლის ადამიანების ქმედებას. შედეგად, ხელს უწყობს სოციუმში არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას, დაბნეულობის გამძაფრებასა და ეჭვების გაღრმავებას.
კამპანია სწორედ ამ და სხვა აქტუალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.