ხათუნა ბურკაძე
ხათუნა ბურკაძე არის სამართლის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ თანახელმძღვანელი. ხათუნა ბურკაძე არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის კონსულტანტი ინკლუზიური განათლების საკითხებზე, საერთაშორისო ჟურნალის – „სამართალი და მსოფლიო“ – სარედაქციო კოლეგიის წევრი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი. წლებია, ხათუნა ბურკაძე აქტიურად საქმიანობს პედაგოგიურ და პრაქტიკულ სფეროებში საჯარო სამართლის მიმართულებით. იგი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიის მფლობელი ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციების დარგში, 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, 10-მდე პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, არაერთი სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.
პროფესორ ხათუნა ბურკაძეს აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში. ასევე, პროფესორმა ბურკაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ხათუნა ბურკაძე გახლავთ ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი. პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ხათუნა ბურკაძის სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია “ფლეტჩერ ფორუმში“ და ციტირებულია “ჰარვარდის ეროვნული უსაფრთხოების” ჟურნალში. 2017-2018 წლებში ის იყო ჰარვარდის სამართლისა და საერთაშორისო განვითარების საზოგადოების წევრი, ასევე 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.
ხათუნა ბურკაძეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯილდო გადასცა.
ხათუნა ბურკაძე ბტუ-ს სადოქტორო პროგრამაზე – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ – 3 დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემების ფარგლებში:
“ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში”;
“ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში”;
“ციფრული მმართველობა უმაღლეს განათლებაში, როგორც სახელმწიფოს საჯარო მმართველობის განხორციელების გზა”.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ხათუნა ბურკაძის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების კვლევითი ცენტრის წევრის/მკვლევარის სტატუსი.