IT-ის მიმართულებით BTU-ში პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი შეიქმნება
განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს სხდომა 13 თებერვალს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ტექნოლოგიური კომპანიების Hewlett Packard Enterprise; IBM; Splunk- NGT Group; Microsoft და სხვ. წარმომადგენლები.
საბჭოზე განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების განვითარებისთვის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა წევრებს წარუდგინა „განათლების ერთიანი ციფრული პლატფორმის” პროექტი. პლატფორმა განკუთვნილია, როგორც უმაღლესი პროფესიული სწავლების კოლეჯების, ასევე უნივერსიტეტებისა და კერძო პირებისთვის.
მასში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და უახლესი ტექსტური და ვიდეო სასწავლო მასალა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, აიტის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი შეიქმნება, რომლის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.
სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული იქნებიან საბჭოში წარმოდგენილი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები.
განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს მიზანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საფუძველზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესება.