გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე BTU-ს საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბერიძეს წოდება საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის დანერგვასა და BTU-ს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.
იგი აქტიურად იყო ჩართული BTU-ში ახლად აკრედიტებული სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ შექმნაში, რომელზეც ხუთი კანდიდატი უკვე ჩარიცხულია. პროგრამა ევროპის ქვეყნებში პირველად, მხოლოდ BTU-ში ხორციელდება და მისი მიზანია, საჯარო მმართველობის სფეროში მოამზადოს მკვლევარი, რომელიც ციფრული მმართველობისა და ციფრული პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს და მის განვითარებას შესაბამის სამინისტროებსა თუ საჯარო უწყებებში შეძლებს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ირაკლი ბერიძემ საპატიო დოქტორის სტატუსის მინიჭებისთვის BTU-ს მადლობა გადაუხადა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის საჯარო სექტორში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭა და მინდა, რომ ამან შექმნას პრეცედენტები და უფრო წაახალისოს ქართველი ახალგაზრდები, რომ ეს დარგი შეისწავლონ და უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ამ სფეროში, იქნება ეს სახელმწიფოს, კერძო თუ აკადემიური სექტორის მხრიდან.
ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი რამ ხდება ამ მიმართულებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ექსპონენციურად გაიზარდა მისი გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის მართვა. მისი გამოყენება სწორი მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის სწორად დანერგვა სამომავლოდ აუცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ქვეყნებისთვის,“ – განმარტა ირაკლი ბერიძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლად აკრედიტებული BTU-ს სადოქტორო პროგრამა ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს:
„საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ეს პირველი პროგრამაა, რომელიც ასეთ მაღალ – აკადემიურ დონეზე ხორციელდება და ჩემი აზრით, ძალიან დიდი კონტრიბუცია იქნება მომავალი განვითარებისთვის როგორც ტექნიკური, ისე უკვე მისი მართვის მხრიდანაც.
დიდი იმედი მაქვს, რომ დოქტორანტები ჩვენთანაც, როგორც გაეროს ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან ითანამშრომლებენ. დიდად მოხარული ვიქნები, თუ დავეხმარები ქართველ დოქტორანტებს, სტუდენტებს, მათ შემდეგ ჩართულობაში, ამ საქმიანობაში უკვე გლობალურ ასპარეზზე,“ – განაცხადა ირაკლი ბერიძემ.
BTU-ის რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო, აკადემიური და კერძო სექტორის თანამშრომლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია, დოქტორანტების მიერ განხორციელებული კვლევები იყოს გამოყენებითი ხასიათის და საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის აქტიურად დანერგვას შეუწყოს ხელი:
„გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრი არის ერთეული, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მაქსიმალურად სასიკეთოდ აითვისოს სხვადასხვა ქვეყანამ. ჩვენი ქვეყნისთვის სასიხარულოდ მას ხელმძღვანელობს ქართველი – ირაკლი ბერიძე, რომელიც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“ ძალიან დაეხმარა სადოქტორო პროგრამის უმაღლესი სტანდარტით შემუშავებაში, შესრულებასა და საერთაშორისოდ არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი აკრედიტაციის გავლაში.
სადოქტორო პროგრამასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობთ, ის ეროვნულ დონეზე ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის შემუშავებაში დიდი კონტრიბუტორი უნდა გახდეს,“ – განაცხადა „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ენუქიძემ.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ბერიძისთვის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების შემდეგ გაიმართა მისი მასტერკლასი, სადაც მან მოკლედ მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორია, მისი როლი, ახლანდელი ვითარება და პერსპექტივა. ღონისძიება გაგრძელდა სადოქტორო პროგრამის მონაწილეთა გაცნობით, რომელთაც აუდიტორიას თავიანთი საკვლევი მიმართულებები გააცნეს და პანელური დისკუსიით, რომლის მოდერატორიც ამავე პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და საჯაროს სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თეა სამჭკუაშვილმა.