გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის (unicri) ხელმძღვანელი საქართველოში საჯარო ლექციას ჩაატარებს
19 ოქტომბერს 19:00 საათზე გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. 82) საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის თემაა: “ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა საქართველოში”
ირაკლი ბერიძე 2014 წლიდან უძღვება მის მიერ ინიცირებულ გაეროს პირველ პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება გაეროს გენერალურ ასამბლეისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება, გავრცელებულ საფრთხეებსა და რისკებთან გამკლავების გუნდური გადაჭრის გზების მოძიება, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება, რომელთა საშუალებითაც AI-ს შეუძლია, ხელი შეუწყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
ირაკლი ბერიძე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრია, მათ შორისაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელოვნური ინტელექტის გლობალური საბჭო და ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის საექსპერტო ჯგუფი. იგი ასევე არის მთავრობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებასთან, განვითარებად ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან და ახალი ტექნოლოგიების მზარდ პოტენციალთან დაკავშირებულ მრავალ საკითხში, განსაკუთრებით დანაშაულის პრევენციის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბერიძეს BTU საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოებს.
ღონისძიებაზე, ირაკლი ბერიძის ლექციის პარალელურად, ჩატარდება პანელური დისკუსია სახელად: „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი“. დისკუსიის მოდერატორი იქნება ზვიად გაბისონია, BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელი.
პანელური დისკუსიის მონაწილეების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
- ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე;
- თეა სამჭკუაშვილი – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
- ირაკლი ბერიძე, გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ შემუშავების პროცესში ჩართული ირაკლი ბერიძეც. შეგახსენებთ, აღნიშნული სადოქტორო პროგრამა ევროპის ქვეყნებში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხორციელდება.
უნიკალური სადოქტორო პროგრამა მიმართულია საჯარო მმართველობის სფეროში მკვლევრის მომზადებაზე, რომელიც ციფრული მმართველობისა და ციფრული პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს და შეძლებს ციფრული მმართველობის განვითარებას შესაბამის სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
პროგრამის მიზანია საქართველოსთვის პრიორიტეტულ საჯარო სექტორებში: იუსტიცია, განათლება, ჯანდაცვა, აგრარული, ციფრული ეკონომიკა, ციფრული დიპლომატია – ახალი ცოდნის აღმოჩენა, ციფრული მმართველობის დანერგვისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობის სტრატეგიულ კვლებზე მუშაობა და მკვლევრებისთვის შესაბამისი უნარების განვითარება.