BTU ტექნოლოგიებში 1500 ქალის გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელი ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ამ დრომდე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულა და ის სტარტს სულ რამდენიმე დღეში აიღებს.
„პროექტი – 1500 ქალი ტექნოლოგიებში განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, 8 ქალაქში, სადაც კანდიდატთა რეგისტრაციას მალე დავიწყებთ და ტექნოლოგიების სფეროს ცალკეულ მოდულებში დავარეგისტრირებთ პროექტის მონაწილეებს. ჩვენი წამოწყდება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებას, არამედ მათი შემდგომი დასაქმების მხარდაჭერას, ცალკეული სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობას რეგიონებში და სხვა მრავალი ინიციატივის განხორციელებას“, – განაცხადა BTU-ს რექტორმა.
საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელის განცხადებით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიება, რომელშიც ჩართულები არიან და ეს არის იმ 30 წლიანი პროცესის ნაწილი, რომლის განმავლობაში USAID-ი და ამერიკელი ხალხი საქართველოს განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, USAID-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რადგანაც USAID-ის პროგრამამ და „საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის. ისინი შეიძენენ მნიშვნელოვან და საჭირო IT უნარ-ჩვევებს, ეს არის შესაძლებლობა განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, მათთვის, ვინც ცხოვრობენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან სოფლებში და ეთნიკური უმცირესობებისათვისაც. დაახლოებით 1500 ქალი მიიღებს მონაწილეობას და ამ პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან IT უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომლებიც კერძო სექტორში არსებობს, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, Front-end დეველოპმენტის, Back-end დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება 1500 მონაწილე. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვნის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება ონლაინ სასწავლო პლატფორმა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. ტექნოლოგიების მოდულების გარდა, გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში. გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 16 იანვარს.მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ რეგიონში მცხოვრები, 16-დან 40 წლის ასაკამდე ქალები. პროექტის განხორციელების ვადაა 01.12.22-30.11.2024.
პროექტის წარდგენის დასასრულს, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ და USAID-მა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, კერძო სექტორიდან ათობით კომპანიამ მზაობა გამოთქვა ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ BTU მომავალშიც ღიაა, პარტნიორობა დაიწყოს კომპანიებთან, რომლებიც ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების პროექტში ჩართვის მზაობას გამოთქვამენ.