BTU-ში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის კონცეპტუალური დოკუმენტის წარდგენა გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების წარდგენა, 3-დღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“, გაიმართა. კონფერენცია 30 ივნისს დაიწყო და 3 ივლისამდე გაგრძელდება.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავებულია BTU-ს პროფესორებისა და სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი“ დოქტორანტების მიერ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრატეგიულ დოკუმენტის შემუშავებას კონსულტირებას გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე უწევდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთათვისაც აღნიშნულ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შორის იყვნენ ეკონომიკის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმძღვანელო პრინციპები სამინისტროებს და სხვა ორგანოებს დაეხმარება ხელოვნური სტრატეგიის შექმნაში. BTU-ს აკადემიური პერსონალი ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას აპირებს.
დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტი წარუდგინეს ზვიად გაბისონიამ, BTU-ს პროფესორმა, კვლევების ცენტრის დირექტორმა, სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელმა და ასევე ხათუნა ბურკაძემ, BTU-ს პროფესორმა, სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელმა.
„პრეზენტაციას ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ეს კვლევა გავასაჯაროოთ და სამინისტროებს ოფიციალურად გავუგზავნოთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის გაცნობის შემდეგ დავიწყებთ უკვე სამუშაო ჯგუფების ფორმირებას და სტრატეგიული დოკუმენტის ოფიციალურ ნაწილზე გადავალთ. ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის შექმნას საქართველოსთვის ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. დღეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნული სტრატეგია მიღებულია. მისი მიზანია განსაზღვროს აღნიშნული ძვირადღირებული ტექნოლოგიის გამოყენების პრიორიტეტული სექტორები საჯარო სექტორში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლოეს მომავალში ჰქონდეს აღნიშნული დოკუმენტი“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
„ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის სახელმძღვანელოს მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ სტრატეგიული მიდგომების განვითარებას და მეორე მხრივ, განვსაზღვროთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის სათანადო დანერგვა და გამოყენება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტი დავნერგოთ განათლების სფეროში, იუსტიციის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ციფრული მიღწევების დანერგვა. გარდა ამისა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, საჯარო ფინანსების სფეროში. ხელოვნური ინტელექტის სისტემის განვითარება აუცილებელია აგრარულ სფეროში, ტურიზმის მიმართულებით. ამ პროცესში ჩვენ ევროკავშირის გამოცდილებას ვეყრდნობით. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ქვეყნის ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია, რაც გულისხმობს ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოეაბს. ევროკავშირის კონცეფციის თანახმად ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებებს და ეთიკის ნორმები უნდა იყოს დაცული. ეს მიდგომა აისახა ჩვენს დოკუმენტში“, – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და საქართველო“. მასში მონაწილეობა ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარემ, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს.