BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი ინოვაციების სამიტის ფარგლებში გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 31 მაისს სასტუმრო “სტამბაში” BTU-ს ყოველწლიური ინიციატივის გლობალური სტარტაპ-ფონდის ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სხვა საინტერესო კომპონენტებთან ერთად სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი და ე.წ. “ანგელოზ” ინვესტორებთან ნეთვორქინგ-სესია გააერთიანა.
სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფარგლებში 5,000-ლარიანი გრანტი, Pre-Seed Funding სახით, სტუდენტურ სტარტაპ Wempler-ს გადაეცა. Wempler-ი ექსკლუზიური დავალებების დელეგირების პლატფორმაა, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლებს სხვადასხვა ერთჯერადი სერვისის მიღებაში ეხმარება − იქნება ეს ძაღლის გასეირნება, მანქანის გარეცხვა თუ სხვა. მეორე მხრივ კი, სერვისის მიმწოდებლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი უნარებისა და დროის ხარჯზე გამოიმუშაონ თანხა. დღეს Wempler-ის აპლიკაცია მომსახურების 50-ზე მეტ კატეგორიას აერთიანებს.
“ეს გამარჯვება უპირველესად არის იდეის ვალიდაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სტარტაპისთვის, ფინანსების გარდა. სამწუხაროდ, გასულ წელს ვერ შევძელით აღნიშნულ კონკურსში გამარჯვება, ამიტომ ახლა მოგების ძალიან დიდი მოტივაცია გვქონდა გუნდს. შესაბამისად, ეს გამარჯვება დამატებითი სტიმულია ჩვენთვის. რაც შეეხება თანხას, მას ჩვენი აპლიკაციის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებთ“, − აღნიშნავს Wempler-ის დამფუძნებელი სანდრო თავხელიძე.
Wempler უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. ახლა სტარტაპი საკუთარი საქმიანობის განვითარებას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში − ბათუმსა და ქუთაისში, ცდილობს. მათი მიზანია, 2023 წლის ბოლოს ბიზნესი რეგიონის მასშტაბით გაფართოვდეს, რასაც უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან დაიწყებენ.
სტუდენტური კონკურსის მთავარი პარტნიორი “თიბისი ბანკის” პროგრამა “სტარტაპერია”. კონკურსში მონაწილეობა BTU-ს ყველა პროგრამის სტუდენტურმა სტარტაპებმა მიიღეს, ფინალში კი 5 სტარტაპი შეირჩა. გამარჯვებული საკონკურსო წესით სპეციალურად მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა. კომისია დაკომპლექტებული იყო შემდეგი პირებით:
- ანა თოთიბაძე, TBC
- ქეთევან ხუნწარია, Axel
- გიორგი გვასალია, Circle
- ნაინო ქაშიბაძე, Epam
კონკურსი გლობალური სტარტაპფონდის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტარტაპკონკურსს, ვენჩურულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ბესტსელერი წიგნის პრეზენტაციას, პანელურ დისკუსიასა და აღნიშნული სამიტისთვის საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრის Keynote-გამოსვლას აერთიანებდა.