BTU-ს სტუდენტებისთვის ამერიკული კომპანია Aligned Research Group ღრუბლოვანი სისტემების ტრენინგს ჩაატარებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ამერიკული კომპანია Aligned Research Group ღრუბლოვან სისტემებზე 1-კვირიან ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგი სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებულია BTU-ს მიერ.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მათი სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ კურიკულუმით გათვლილი სასწავლო პროგრამა შესთავაზონ, არამედ მათ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცენ და მუდმივად შესთავაზონ სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ვორქშოპებზე დასწრების შესაძლებლობა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებო აქტივობებში, რომლებიც მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. სასწავლო პროგრამის პარალელურად, ხშირად ვატარებთ ტრენინგებსა და ვორქშოპებს სფეროს აქტუალური თემების ირგვლივ. აღნიშნულით უზრუნველვყოფთ, რომ სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა იცოდნენ სფეროს უახლესი ტენდენციები და მიმართულებები. ამჯერად ჩვენს სტუდენტებს ღრუბლოვანი სისტემების ტრენინგს ვთავაზობთ. ტრენინგს მონაცემთა მეცნიერებაში მოწინავე ამერიკული კომპანია Aligned Research Group ჩაატარებს,“ –აცხადებენ უნივერსიტეტში.
Aligned Research Group კალიფორნიაში დაარსებული და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით. ამერიკულ კომპანიას ფილიალები აქვს როგორც აშშ-ში სილიკონ ველიზე, ასევე გერმანიასა და პორტუგალიაში. მათი გადაწყვეტილებები აკონტროლებს მსოფლიო მონაცემთა ტრაფიკის ¼-ს და ამუშავებს წამში 5 მილიონზე მეტ მოთხოვნას. კომპანიის პარტნიორები არიან EPFL, Samara Medical University და Yale.
Aligned Research Group–ის ტრენინგი ჩატარდება 15-19 თებერვალს. დასასწრებად დარეგისტრირება შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც გამოთვლების პრინციპებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აქვთ. ტრენინგის ყველა მონაწილეს Aligned Research Group-ისა და BTU-ს სერტიფიკატი გადაეცემა.