BTU-ს კვლევითმა ცენტრმა „წლის მეცნიერები“ გამოავლინა
- Categories ახალი ამბები
- Date თებერვალი 23, 2022
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა, სამეცნიერო კვლევებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, „წლის მეცნიერები“ გამოავლინა. სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდება, ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო BTU-ს აკადემიურ პერსონალს, დავით გონდაურსა და ვახტანგ ჭარაიას, გადაეცათ.
სამეცნიერო პრემია გაიცემა ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში, აკადემიური წლის განმავლობაში, მეცნიერის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების შემდეგ. სპეციალურად შექმნილი მეცნიერთა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუციებს წარმოადგენს. მათ მიერ შეფასებული კანდიდატის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმებს. ესენია: მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი, გამოქვეყნებული პუბლიკაციების რეიტინგი, კვლევების ციტირების ინდექსები. ასევე – კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი და სხვა.
უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული „ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში სამეცნიერო პრემიის კონკურსის“ მიზანია სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია, მათი სტიმულირება და უნივერსიტეტის მკვლევართა ღვაწლის აღიარება და დაფასება.
დაჯილდოების პარალელურად, გაიმართა კვლევების ცენტრის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამეცნიერო დისკუსია. კვლევითი ანგარიში აერთიანებს BTU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის მიერ განხორციელებულ პუბლიკაციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
პუბლიკაციები მოიცავს შემდეგ სექტორებს: Fintech, Agritech, Greentech, Femtech, Healthtech, Edutech, Entrepreneurship, Legaltech.
კვლევითი ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.