BTU-ს ჩართულობით, საქართველოში პირველად, მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
2 ოქტომბერს ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე დაესწრებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამა ელით ვიზიტორებსაც: გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები იზრუნებენ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე მეწარმე ქალებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით, ჩატარდება გადამზადების პროგრამა Founder’s Gap, რომლის ფარგლებშიც, შერჩეული ბენეფიციარები ისწავლიან შემდეგ თემებს:
შესავალი მეწარმეობაში – რა არის მეწარმეობა, ვინ არიან სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები, რა არის ინოვაცია და design thinking; იდეების გენერირება – პრობლემის იდენტიფიცირება, სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა, გამოსავალი; კანვასის ბიზნესმოდელი; ფიჩ დეკი/მოლაპარაკება ინვესტორებთან და სხვ.
მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თიბისი.
ღონისძიება საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.