BTU-მ მსოფლიო ბესტსელერი წიგნი „Venture Deals“ ქართულ ენაზე გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე წარადგინა
მსოფლიოს ბესტსელერი წიგნი „Venture Deals – ვენჩურული გარიგებების“ ქართულენოვანი გამოცემა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით ითარგმნა და გამოიცა, ფართო საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-ის” მიერ დაიბეჭდა, მისი წარდგენა გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე გაიმართა.
წიგნი ასახავს სტარტაპებისა და მეწარმეობის სირთულეებს დღევანდელ დინამიკურ, ეკონომიკურ გარემოში და ტექნოლოგიურ კომპანიებს ინვესტორთან ურთიერთობის სტრატეგიებს ასწავლის. წიგნის ავტორები, ბრედ ფელდი და ჯეისონ მენდელსონი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩართულნი არიან ასობით სარისკო კაპიტალის დაფინანსებაში და პარალელურად, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ყველას, ვისაც ეს თემა ოდნავ მაინც აინტერესებს ან სჭირდება.
მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა წიგნი Venture Deals: Be Smarter Than Your Lawyer and Venture Capitalist. გამოცემა მიმზიდველ და ინფორმაციულ ლიტერატურას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეწარმეობა აინტერესებს ან ამ საქმით უკვე დაკავებულია. ეს საიმედო რესურსი ოსტატურად ასახავს სარისკო კაპიტალის არსებით ელემენტებს. ის გვაძლევს დაბალანსებულ ხედვას, გარიგების მიღწევის სტრატეგიებს, გვიჩვენებს პერსპექტივებს პროცესის სხვადასხვა მონაწილის მხრიდან და განიხილავს, თუ როგორ მუშაობს ფონდების მოზიდვის სისტემა.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე. გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. მის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური სამიტი სტარტაპერებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს, ანგელოზ ინვესტორებსა და ინოვაციების სფეროთი დაინტერესებულ სტარტაპებს აერთიანებს.
სამიტზე წიგნის პრეზენტაციის პარალელურად გამართა პანელური დისკუსია და აღნიშნული სამიტისთვის საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრის სიტყვით გამოსვლა. სამიტზე აგრეთვე ჩატარდა სტუდენტური სტარტაპების კონკურსის ფინალი, სადაც გამარჯვებულმა 5,000 ლარი ადრეული დაფინანსების სახით მიიღო.