
BTU-მ საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
BTU-მ საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პარტნიორობის მიზანია უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი კონკურსების, იდეათონებისა და ჰაკათონების ორგანიზებას, საგანმანათლებლო აქტივობებისა და მასტერკლასების ჩატარებას, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. პარტნიორობა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ჩართულობას უნივერსიტეტის კარიერულ და საგანმანათლებლო ინიციატივებში.
თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს 7 სტუდენტი უკვე გადის სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაციაში და გამოცდილებას იძენს მარკეტინგის, კომუნიკაციების, სოციალური მედიის მართვისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებით.
სტაჟირების პროგრამა 3-6 თვეს გრძელდება და მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, გუნდურ მუშაობას, შიდა სწავლებასა და რეგულარულ უკუკავშირს. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მათი ჩართულობისა და შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია სარეკომენდაციო წერილის გაცემისა და შემდგომი დასაქმების განხილვაც.
ახალი პარტნიორობით BTU განაგრძობს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და სტუდენტებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან აკავშირებს.


