BTU-მ კომპანია SYSTEM CORP.-თან თანამშრომლობა დაიწყო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო კომპანია SYSTEM CORP.-თან, რომლის ფარგლებშიც, შერჩეული სტუდენტები რეგიონისთვის უპრეცედენტო, ინოვაციურ პროექტებში ჩაერთვებიან ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო, საინჟინრო და სამეცნიერო გამოყენების მიმართულებით.
ახალი თანამშრომლობისა და გადამზადების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების ცოდნას სიღრმისეულად. პროგრამის დასრულების შემდეგ შეირჩევიან საუკეთესო სტუდენტები და გაივლიან სტაჟირებას SYSTEM CORP.-ში, სადაც ისინი მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნად პროექტებში მონაწილეობით მიიღებენ გამოცდილებას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტზე მუშაობა უკვე აქტიურად მიდის. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში კი ეს მიმართულება უფრო გაძლიერდება. უნივერსიტეტში 2018 წლიდან არსებობს Mercedes Benz-ის მხარდაჭერით დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, რომელიც უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს აერთიანებს.
რაც შეეხება, კომპანია SYSTEM CORP.-ს, ის ხელოვნური ინტელექტის კვლევებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე კომპანიაა, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო ასაკი 20 წელია.
SYSTEM CORP. საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის კვლევებს სამედიცინო, საინჟინრო და სამეცნიერო მიმართულებით 3 წელზე მეტია. კომპანია რეგიონის უპირობო ლიდერია. მათი პორტფოლიო მოიცავს წარმატებებს ისეთ მსოფლიო ტურნირებზე კომპიუტერიული მეცნიერებისა და კომპიუტინგის მიმართულებით, როგორებიცაა: MIT Hacking Medicine, MSOFT Imagine Cup, MSOFT AI Guardian, IEEE და ა.შ.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ გასულ თვეს SYSTEM CORP. მოხვდა მაიქროსოფტის მიერ ორგანიზებული ჩემპიონშიფის MSOFT AI Guardian-ის ფინალურ ტურში, მსოფლიოს 5 გუნდს შორის.
ხელოვნური ინტელექტი, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ტრენდია და ეტაპობრივად ინერგება განათლებაში, ჯანდაცვაში, უსაფრთხოებაში, წარმოებაში და სხვა ინდუსტრიებში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევა და განვითარების პროცესის გაღრმავება, მისი სხვადასხვა ინდუსტრიებში ინტეგრირების ხელშეწყობა და ამით სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერა.