BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა დასრულდა
BTU IOS LAB-ში ჩატარდა საბავშვო კოდინგის პროგრამის კურსი, რომელიც Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად. პირველ ეტაპზე კურსი წარიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS ლაბორატორიაში.
პროექტის ფარგლებში, დამწყებთათვის ამოქმედდა Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა, რომელმაც მათ ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლა Swift პროგრამირების საფუძვლები.
Apple-ის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, რესურსები, ინტერაქტიური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია 10-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართათვის იყო ხელმისაწვდომი. კურსი ხანგრძლივობა 3 თვე იყო და მის ფარგლებში ბენეფიციარები Swift-ის მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მოემზადნენ.
პროექტის საწყის ეტაპზე მონაწილეობას იღებდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე, ფინალურ ეტაპზე კი თავიანთი პროექტები 6-მა მათგანმა წარადგინა.
Swift პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებით იქმნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციები iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple TV-ის და Apple Watch-ისათვის.
ლაბის ფარგლებში გადამზადებულმა კანდიდატებმა უკვე შეისწავლეს Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა, Swift პროგრამირების ენა, iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა, აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება და აპლიკაციის App Store-ზე განთავსების მეთოდები. აღნიშნული გადამზადებული კანდიდატები ბავშვების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, პროექტის მიზანია ბავშვებში ტექნოლოგიური უნარების განვითარება და მათი ყველაზე მოთხოვნად პროფესიებთან დაახლოება.
„ნამდვილად საამაყოა, რომ პროექტის დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა ასეთ მაღალ შედეგებს მიაღწიეს. ვამაყობთ იმითაც, რომ ეს პირველ ეტაპზე გაკეთდა სრული დაფინანსებით და როდესაც ბავშვების მიერ წარდგენილი პროექტები ვიხილეთ, ვფიქრობ, ნამდვილად უმაღლესი აკადემიური მოსწრების მხილველები გავხდით,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, 12 წლის ლუკა ადამიას თქმით, სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესო იყო და ფიქრობს, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ პროგრამირების შესწავლაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„მიხარია, რომ BTU-ში Swift-ის პროგრამირების კურსზე ჩვენ აგვარჩიეს. ბოლომდე გავყევით კურსს და გავაკეთეთ საფინალო პროექტი. პროექტში მონაწილეობისას ბევრი იდეა გაჩნდა: შეგვეძლო აპლიკაციები ცხოველებზე, მანქანებზე გაგვეკეთებინა და მე შევჩერდი მანქანების თემაზე. ძალიან მომეწონა, საინტერესო კურსი იყო, იმედი მაქვს, შემდეგშიც გაგრძელდება და ძალიან დიდი მადლობა ჩემს მასწავლებელსა და BTU-ს ამ შესაძლებლობისთვის,“ – აღნიშნა ლუკა ადამიამ.
პროექტების პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან გადაეცათ პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. მხარეებმა კი სამომავლო თანამშრომლობისა და ბავშვებში ტექნოლოგიური უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს.