BTU ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცოდნის პლატფორმას კვლევებს მიაწვდის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ცოდნის პლატფორმას (strategic intelligence Platform) კვლევებს მიაწვდის.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცოდნის პლატფორმასთან კომუნიკაცია BTU-ს რექტორის ინიციატივით მოხდა. თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი კონტენტის კონტრიბუტორი გახდებოდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სტრატეგიული ცოდნის პლატფორმის სტანდარტის და ფორმატის შესაბამისად, პლატფორმაზე განთავსდება კვლევითი ანგარიშები, სტატიები, ანალიზი, სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ანალიტიკური მასალა, რომელიც შემდგომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ანალიზის და ანგარიშის საფუძველი გახდება.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პირველ რიგში თავად BTU-ს, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის მიწოდება მოხდება. თუმცა საავტორო უფლებების დაცვით სხვა ავტორების მიერ მომზადებული მასალებიც მიეწოდება პლატფრომას, რათა სრულყოფილად მოხდეს ქვეყანაში შექმნილი ახალი ცოდნის გაზიარება, საერთაშორისო საზოგადოება გაეცნოს საქართველოში ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციის, ბიზნესის სექტორში მიმდინარე პროცესებს, გამოწვევებსა და პროგრესს.
სტრატეგიული ცოდნის პლატფორმა აერთიანებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორისა და ინდუსტრიის შესახებ. პლატფორმაზე ინტეგრირებულია ინფორმაცია 250 თემის/საკითხის ირგვლივ. საწყის ეტაპზე BTU ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ ანალიტიკური მასალის კონტრიბუტორი გახდება.
სიახლე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე ამბები გაჩნდება სტრატეგიული ცოდნის პლატფორმის ტრანსფორმაციულ რუკაზე, სადაც აისახება ტრენდები. აღნიშნულ ტრენდებს ხელოვნური ინტელექტი მიწოდებული მასალის საფუძველზე დააგენერირებს.
მეორე მხრივ, პლატფორმა კარგი შესაძლებლობაა აკადემიური პერსონალისთვის, რომ მათი ნაშრომები მსოფლიო დონეზე გახდეს ცნობილი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცოდნის პლატფორმა მაღალი ხარისხის ინფორმაციის ღია წყაროა, რომელსაც იყენებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები. პლატფორმაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება ახალი თანამშრომლობისა და პროექტების შესახებ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცოდნის პლატფორმას ანალიტიკურ მასალას 100-ზე მეტი ქვეყანა აწვდის სხვადასხვა ინსტიტუციის დონეზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანამშრომლობის ფარგლებში 11 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს სტრატეგიული ცოდნის პლატფორმის ვოქშოფს სახელწოდებით Building Strategic Intelligence with BTU. შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
- World Economic Forum-ის სტრატეგიული ცოდნის პლატფორმისა და BTU-ს პარტნიორობის მიმართულებები;
- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული მონაცემებისა და ინფორმაციის პლატფორმის მიმოხილვა – ხელმისაწვდომი მონაცემებისა და ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა და მათი ინტეგრირება აკადემიურ საქმიანობაში;
- ტრანსფორმაციის რუკები და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ანგარიშები;
- პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ ახალ, ტენდენციურ თემებს და მოვლენებს, გაეცნოთ დარგის წამყვანი ექსპერტების შეფასებებს, პროგნოზებს და განიხილოთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლატფორმებთან აკადემიური ინსტიტუციებისა თუ საზოგადოების თანამშრომლობის შესაძლებლობები.