BTU აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ფართომასშტაბიან საინფორმაციო დღეებს აანონსებს
საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევითი და ინოვაციური პროექტები, ინსტიტუციური განვითარების პროექტები, კოდინგის სკოლა ქალებისთვის, საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გამოცემა, სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამები – ეს იმ პროექტებისა და აქტივობების ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აშშ-ის მხარესთან პარტნიორობით ახორციელებს.
BTU-ს უკვე განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: MIT Global Startup Lab – საქართველოში პირველად განხორციელებული მსოფლიოს მოწინავე აქსელერაციის პროგრამა – სტარტაპ ეკოსისტემის გასაძლიერებლად, აშშ-ს ელიტარული სამხედრო სასწავლებლის – Citadel-ის კადეტების გადამზადების სპეციალური კურსი BTU-ში, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები ქალთა კოდინგის სკოლისთვისა და ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის ზრდისა და გაძლიერებისთვის, მსოფლიო ბესტსელერის, MIT-ს პროფესორის მიერ შექმნილი, მეწარმეობის სახელმძღვანელოს ქართულენოვანი ვერსიის გამოცემა; USMarketAccess ბიზნეს აქსელერატორში მონაწილეობა და ჩართულობა, MIT-ს Martin Trust Center-ის წევრობა და სხვა.
ერთობლივი პროექტების გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფართომასშტაბიან საინფორმაციო დღეებს სტუდენტებისთვისა და ლექტორებისთვის ყოველწლიურად მასპინძლობს.
სესია აკადემიური პერსონალისთვის 2 ნოემბერს ჩატარდება; სესია სტუდენტებისთვის კი – 7 დეკემბერს.
საპატიო სტუმარი: კრის ანდერსონი აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე სპიკერები: თეა კუჭუხიძე და ირაკლი მალანია აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივი განყოფილება სამიზნე აუდიტორია: ლექტორები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამა მკვლევართათვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამები, UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის მხოლოდ ნაწილია იმ არაჩვეულებრივი შესაძლებლობებისა, რასაც საელჩო ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტების ფარგლებში.
BTU აგრძელებს ამერიკული განათლების გაძლიერებას საქართველოში და ახალი პარტნიორების გაერთიანებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. მსოფლიოში აღიარებული ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტი, აშშ-ში აკრედიტებული სასწავლო პროგრამები და აკადემიური გუნდი, საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმოკლეს დროში, 2022 წლიდან, გახდება ხელმისაწვდომი.