ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განცხადება შუალედური გამოცდების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაგეგმილი შუალედური საგამოცდო კვირეულის გარშემო, სტუდენტების მხრიდან გაჟღერებული შეკითხვებისა და მღელვარების საპასუხოდ, ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას და აკეთებს განცხადებას, კერძოდ:
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი მიმდინარეობს ჰიბრიდული სწავლების ფორმატში, სტუდენტის და ლექტორის არჩევანის შესაბამისად. მიმდინარე წლის 08 ოქტომბერს სტუდენტებთან გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, შუალედური საგამოცდო კვირეული დაგეგმილია დასწრებულ ფორმატში გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც იქნება დასაბუთებული შესაბამისი ცნობითა და წერილობითი განცხადებით.
მიმდინარე წლის 7-14 ნოემბერს უნივერსიტეტის მიერ შუალედური გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარება ეფუძნება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებას (მე-3 მუხლის 2(4) პუნქტი), ასევე, უნივერსიტეტში ვიზიტორთა უსაფრთხო დაშვებისა და მუშაობის/სწავლის პირობები გადამოწმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (წერილი N09/2898, 21.10.2021) სპეციალური კომისიის დასკვნას.
სტუდენტთა და პერსონალის (ვიზიტორთა) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტში მოქმედებს ყველა წესი და პროცედურა, რაც განსაზღვრულია „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო – ბრძანებით დამტკიცებული „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზოგადი რეკომენდაციები – დანართი N1“, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის – დანართი N3 და „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლაბორატორიებისა და საგამოცდო ცენტრებისთვის – დანართი N10“.
უნივერსიტეტში მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი საგამოდო პროცესის დროს სტუდენტთა ნაკადის თერმოსკრინინგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად. ხელმისაწვდომია შესაბამისი რაოდენობის სადიზენფექციო საშუალებები, პირადი დაცვის საშუალებები (პირბადე, ხელთათმანები, ერთჯერადი საწერი კალმები). ყოველდღიურად მიმდინარეობს შენობის ყველა სივრცის სადიზენფექციო სამუშაოები. მოწყობილია მოსაცდელი სივრცე და ხელმისაწვდომია ექიმის კონსულტაცია. საგამოცდო სივრცეებში დაცულია დისტანცია და ხორციელდება მუდმივი ვენტილაცია. შესაბამისი ჯგუფი ახორციელებს საგამოცდო სესიებს შორის საგამოცდო სივრცისა და სველი წერტილების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებას.
დასაქმებული სტუდენტების ხელშეწყობისა და სტუდენტთა საგამოცდო პროცესში შეუფერხებლად ჩართვის უზრუნველსაყოფად, BTU კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, მოახდინოს დამსაქმებელთან კომუნიკაცია, ან/და გასცეს ოფიციალური ცნობა სტუდენტის საგამოცდო გრაფიკის მითითებით.
აგრეთვე, ბტუ ინდივიდუალურად განიხილავს და დამატებით ითანამშრომლებს ყველა სტუდენტთან, ვინც წარმოადგენს ოფიციალურ განცხადებას გაცდენილი გამოცდის აღდგენასთან დაკავშირებით. განცხადებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს ის ობიექტური გარემოება შესაბამისი დოკუმენტით, რომლის გამოც ვერ შეძლო გამოცდებზე გამოცხადება. განცხადებაში უნდა მიეთითოს სასწავლო კურსი და შეფასების კომპონენტი, რომლის აღდგენაც სურს. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც ადასტურებს მის ვალიდობას, მათ შორის: გამცემი ორგანიზაციის ტიტულოვანი ფურცელი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი ან ელექტრონული შტამპი.
გაცდენილი გამოცდის აღდგენა განხორციელდება დასკვნით გამოცდამდე, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში. აღდგენითი გამოცდები ჩატარდება იმ დროისათვის ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბტუ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწავლის ხარისხის მნიშვნელობას და იცავს ყველა სტუდენტის უფლებას, მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში.