აშშ-ს მოწინავე სამხედრო სასწავლებლის კადეტები გადამზადებას საქართველოში პირველად, BTU-ში გაივლიან
საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოდან სამხედრო კადეტები გადამზადების 3-კვირიან კურსს საქართველოში გაივლიდან, ამ პერიოდში კი მოინახულებენ კონფლიქტურ რეგიონებს და რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ცნობილი სამხედრო კოლეჯის ციტადელის კადეტები საქართველოში გადამზადებას პირველად გაივლიან.
გადამზადების 3 კვირიანი კურსის ფარგლებში სამხედრო კადეტები BTU-ში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ მომზადებულ კურსს გაივლიან.
ციტადელის სამხედრო სასწავლების მიერ, პარტნიორი ქართული უნივერსიტეტის შერჩევა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ბაზა, მძლავრი ინოვაციური პლატფორმა და საერთაშორისო პარტნიორების აღიარება იმ მიზეზებს შორის დასახელდა, რის გამოც არჩევანი ამ სასწავლებელზე შეჩერდა.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა გამარტავს, რომ ციტადელი ჩვენს რეგიონში არსებული ვითარებით თავად დაინტერესდა, ორ მხარეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კი საბოლოოდ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი შედგა.
ის, რომ საქართველოში მშვიდობიანი ვითარება და კონფლიქტების დარეგულირება ამერიკული მხარისთვის მნიშვნელოვანია, ამას ისეთი აღიარებული და მსოფლიოში ცნობილი სამხედრო სასწავლებლის პროფესორების დამოკიდებულებაც უსვამს ხაზს, როგორიც ციტადელია. სასწვლებლის წარმომადგენელი, ტერი მეისი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ზოგადად, კავკასიაში არსებული კონფლიქტების შესახებ თეორიულად, ბევრი იციან, თუმცა სურთ, ყველაფერს ადგილზე გაეცნონ და ქართული გამოცდილება უსაფრთხოების მიმართულებით გაიზიარონ. ამერიკელი სამხედრო კადეტებისა და პროფესორების სტუმრობა საქართველოში აკადემიურ ხასიათს ატარებს. ციტადელისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლების კუბერუსაფრთხოების კომპონენტიც ერთერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ამ დარგში, საქართველოში არსებული გამოწვევების გაზიარება, პროექტის ერთერთ მიზანს წარმოადგენს.
საქართველოს ატლანტიკური საბჭო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარე პროექტი, წინ გადადგმული ნაბიჯია. საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის თქმით, ციტადელის სამხედრო კადეტები საქართველოში პირველად გადამზადდებიან, შესაბამისად, ეს ფაქტი პრეცედენტს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ „ციტადელის“ (Citadel) სამხედრო კოლეჯი 1842 წელს დაფუძნდა. კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ფორბსის“ სარეიტინგო სისმტემების მიხედვით ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან, ლიდერებს შორისაა, სამხედრო სწავლების მიმართულებით.