ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის შედეგების პრეზენტაცია BTU-ში გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ადამიანური კაპიტალის კვლევის ინდექსის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ცოტა ხნის წინ ანალოგიური კვლევა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ჩაატარა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა. სწორედ ამიტომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გადაწყვიტეს, თავად ჩაეტარებინათ კვლევა, რომელიც გამოიყვანდა ადამიანური კაპიტალის ინდექსს საქართველოსთვის. კვლევა იგივე მეთოდოლოგიით ჩატარდა, როგორც ეს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გააკეთა.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო ფორმალური განათლების მიღების მხრივ მოწინავე პოზიციაზეა. 81 ქულიანი შეფასებით რეიტინგში მეხუთე პოზიციას იკავებს.
კვლევის კიდევ ერთი პუნქტი იყო ის, თუ რამდენად ხშირად იყენებს ორგანიზაცია საკუთარ შესაძლებლობებს თანამშრომლების დასატრენინგებლად და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების ნაწილი ეფექტურად იყენებს ამ შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში 7 ბალიან შკალაზე შეფასება იყო 4,2. როგორც კვლევის ორგანიზატორები განმარტავენ, ეს მიმართულება გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.
ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის კიდევ ერთი მიმართულება არის სპეციალიზაცია, რომელშიც 43.93 ქულის მიხედვით ვართ 110-ე ადგილზე. აღნიშნული მიანიშნებს უნივერსიტეტების მიერ მიცემული განათლებისა და ორგანიზაციების მოთხოვნების თანხვედრის დარღვევას. შედეგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციები ითხოვენ ისეთს, რასაც უნივერსიტეტები სტუდენტებს ვერ აძლევენ. მდგომარეობა ასეთია – უნივერსიტეტი აძლევს გარკვეულ განათლებას, მაგრამ რეალურად ორგანიზაციებს სხვა მოლოდინი აქვთ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ეს უკანასკნელი პუნქტი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ჩაუღრმავდებიან და დეტალურად გამოიკვლევენ, თუ რას ითხოვს შრომითი ბაზარი და რა სახის ცოდნა უნდა მისცენ სტუდენტებს, რომ მათ ფეხი აუწყონ ბაზრის მოთხოვნებს.
ღონისძიებას ფარგლებში, რომლებსაც კერძო სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ჩატარდა პანელური დისკუსიაც.
ასევე, დაანონსდა შემდეგი კვლევითი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს. მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: კორპორაციულ სექტორში ადამიანური კაპიტალის შეფასება, უნარჩვევების და კომპეტენციების განსაზღვრა, რომელი საჭიროა ერთის მხრივ ადამიანთა დასასქმებლად კორპორაციულ სექტორში, და მეორეს მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.