BTU-მ შექმნა ქართული ცოდნის ციფრული ბანკი, იმ მიზნით, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მოდელებისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაცია – ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესი, ადამიანები, რეგიონები და კულტურული კონტექსტი, უკეთ იქნას გაანალიზებული.ცოდნის ბანკი არის ქართული მონაცემების, ანალიტიკისა და ინფორმაციის დიდი ციფრული საცავი, რომელიც აერთიანებს BTU-ს მიერ სხვადასხვა სფეროში დაგროვილ ცოდნას, საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის, სტატისტიკური მონაცემების, კომპანიების, ინდუსტრიების, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.ქვეყნის უმსხვილესი ციფრული ცოდნის ბანკი უკვე აერთიანებს 10 მილიარდზე მეტი ტოკენის მოცულობის ქართულენოვან რესურსს, რაც დაახლოებით 20 მილიონი წიგნის ექვივალენტია. აგრეთვე, ბანკი აერთიანებს 1 მილიონამდე კვლევით შედეგს, მოიცავს სამეცნიერო პუბლიკაციებს, კვლევებს, ანალიტიკურ მასალებს, ბიზნესისა და ეკონომიკის ლიტერატურას, გაციფრულებულ საარქივო დოკუმენტებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც AI სისტემების მუშაობისთვის არის საჭირო. მონაცემთა ეს მასშტაბი საშუალებას იძლევა, ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველოს შესახებ ინფორმაცია აღიქვას არა ზედაპირულად, არამედ მისი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.BTU-ს შეფასებით, ამგვარი ცოდნის ბანკის გამოყენებით, საქართველოს შესახებ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ცოდნა და კონტექსტური გაგება მნიშვნელოვნად უმჯობესდება. შედეგად, AI-ს შეუძლია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ღრმა, ზუსტი და პრაქტიკული პასუხების მომზადება, ვიდრე მხოლოდ ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით.პროექტის მიზანია, მომავალმა AI აგენტებმა, ციფრულმა ასისტენტებმა, ანალიტიკურმა სისტემებმა და თანამედროვე ტექნოლოგიურმა მოდელებმა უფრო გამართულად იმუშაონ ქართული რეალობის კონტექსტში, განათლების, ბიზნესის, კვლევების, მედიის, საჯარო სერვისების და სხვა მიმართულებებით.BTU ამ პროექტით ქმნის არა მხოლოდ მონაცემთა საცავს, არამედ ქართული ცოდნის ციფრულ ინფრასტრუქტურას – საფუძველს იმისა, რომ მომავალმა ტექნოლოგიებმა საქართველოს შესახებ მეტი იცოდნენ, უკეთ გააანალიზონ ინფორმაცია და ადამიანებს ქართული კონტექსტის გათვალისწინებით უფრო ეფექტურად გაუწიონ მხარდაჭერა.