AI წიგნიერების სკოლა
სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს მოსწავლეთა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნით აღჭურვა, მათ შორის ძირითადი პრინციპები, აპლიკაციები და ეთიკური დილემები.
ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს შექმნოდათ საბაზისო წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ: როგორ მუშაობს, რა როლი და გავლენა აქვთ მათ საზოგადოებაზე. ინფორმაციის გაზიარებით მოსწავლეები უკეთ მომზადებულები შეხვდებიან მომავლის გამოწვევებს და უკეთ შეძლებენ როგორც ნავიგაციას, ისე AI-ს უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოყენებას და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში. პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, განვითარება და რეალიზება ტექნოლოგიური ცვლილებებისვის.
პროექტით გათვალისწინებული იყო 6 დღიანი ინტენსიური AI წიგნიერების სკოლის ორგანიზება 27 იანვრიდან.
სამიზნე აუდიტორია: 13-18 წლის მოსწავლეები თბილისის საჯარო და კერძო სკოლებიდან.
დღეები დაყოფილია თემატურად და თითოეული შეხვედრა ინდივიდუალურად მიეძღვნება წინასწარ განსაზღვრულ მიმართულებას.
AI წიგნიერების ბუთქემფი 2.0
AI წიგნიერების ბუთქემფი 2.0 – ხუთდღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების გაცნობა და თანამედროვე ციფრული უნარების განვითარება. პროგრამა აერთიანებდა ექსპერტების მიერ ჩატარებულ ლექციებს, ინტერაქტიულ ვორქშოფებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და გუნდურ მუშაობას, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, როგორც თეორიული ცოდნა მიეღოთ, ისე პრაქტიკაში გამოეცადათ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტი.
ბუთქემფის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები, მისი ყოველდღიური გამოყენების შესაძლებლობები, მანქანური სწავლების, მონაცემთა მეცნიერებისა და კიბერუსაფრთხოების საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და პასუხისმგებლიან გამოყენებას, მონაცემთა უსაფრთხოებას, ალგორითმულ მიკერძოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას საზოგადოებაზე. პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს, სიმულაციებსა და გუნდურ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უწყობდა ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული AI-ზე დაფუძნებული პროექტები, რითაც წარმოაჩინეს ბუთქემფის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. პროგრამა დასრულდა პროექტების პრეზენტაციითა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით, რაც მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით შემდგომი განვითარების გზაზე.
AI ბანაკი სტუდენტებისთვის – XR და მომავლის ტექნოლოგიები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც 2025 წელს განხორციელებული მოსწავლეთა AI წიგნიერების ინოვაციური ბანაკების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით შეიქმნა გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) მხარდაჭერით.
BTU-ს მიერ სრულად დაფინანსებული ბანაკი მიზნად ისახავდა უკვე გარკვეული ცოდნით აღჭურვილი სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას ხელოვნური ინტელექტის მოწინავე პრინციპების, კომპიუტერული ხედვის, აპლიკაციების, ეთიკური დილემებისა და სიღრმისეული კვლევის თემებთან დაკავშირებით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული ვორქშოფების, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ლაბორატორიის და ინტერაქციული სესიების მეშვეობით განივითარონ კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური მიდგომები და სხვა მნიშვნელოვანი უნარები მომავლის ტექნოლოგიების სფეროში.
პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, ჯამში 30 მონაწილე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბანაკი ჩატარდა 2025 წლის 27-31 ოქტომბერს, სატუმროში “Rooms Hotel Kazbegi” და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN), University of Applied Sciences Zwickau, გერმანია.
მწვანე ბანაკი და ჰაკათონი 2026
2026 წლის 20-24 ივლისს, ბაკურიანში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით UNICEF-ის პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადობისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით განათლებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საშუალებით“ ფარგლებში, Green Camp & Hackathon 2026 ჩაატარდა.
ხუთდღიანი ბანაკი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან – თბილისიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, თელავიდან და ბათუმიდან შერჩეულ 30 ახალგაზრდას მასპინძლობდა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა კლიმატის ცვლილებების, კატასტროფების რისკის შემცირების (DRR), ინოვაციების, მეწარმეობის, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.
ბანაკის პროგრამა მოიცავდა ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაო სესიებს, მენტორებთან თანამშრომლობასა და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიების გამოყენებას. მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს და ჰაკათონის ფარგლებში რეალური კლიმატური და გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ AI-ზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტები შეიმუშავეს.
Green Camp & Hackathon 2026 ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მდგრადი განვითარების მიმართულებით ინოვაციური იდეების შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა.
ტექნოლოგიური ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 2022 წლის 11-17 დეკემბერს, ბაკურიანში, მე-10-მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი ჩაატარა.
შერჩეულ 50 მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციების შესახებ, ჩართულიყვნენ ტრენინგებსა და ვორკშოფებში პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერეთიკისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით, ასევე, პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილება მიეღოთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
AI-ს საერთაშორისო ბანაკი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და სრული დაფინანსებით, 2026 წლის 17-22 აგვისტოს, ქართველი და უცხოელი მენტორების და ლექტორების ჩართულობით საერთაშორისო ბანაკი გაიმართება.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
AI და მანქანური სწავლება
* AI-სა და მანქანური სწავლების საფუძვლები (Spatial-ის ვირტუალურ სივრცეში)
* მანქანური სწავლების ალგორითმების მიმოხილვა
* მონაცემთა მეცნიერების ძირითადი კონცეფციები
* მანქანური სწავლების მარტივი მაგალითები და მონაცემებზე ორიენტირებული პრობლემების გადაჭრა
*კომპიუტერული ინჟინერია, სისტემები და AI ხელსაწყოები
* კომპიუტერული ინჟინერიისა და სისტემების საფუძვლები
* AI-სა და AI ხელსაწყოების გაცნობა
* სახალისო პრაქტიკული აქტივობები AI ხელსაწყოებით
* AI ხელოვნებასა და ინოვაციებში
* სისტემური აზროვნება პრაქტიკაში
*კიბერუსაფრთხოება და AI-ს პასუხისმგებლიანი გამოყენება
* კომპიუტერული სისტემებისა და AI ინფრასტრუქტურის საფუძვლები
* Hardware vs Software
* კიბერუსაფრთხოება ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა უსაფრთხოება და რისკების მართვა
* ეთიკური და პასუხისმგებლიანი AI-ს პრინციპები
* რისკების ანალიზის სავარჯიშოები და უსაფრთხო AI გადაწყვეტების შექმნა
*მეწარმეობა და პროდუქტის განვითარება
* AI მეწარმეობაში
* ბიზნეს მოდელები, MVP დიზაინი და პროტოტიპირება
* Product-Market Fit
* ფიჩინგის ტექნიკები, სთორითელინგი და პრეზენტაციის უნარები
* ფიჩინგის სიმულაცია და უკუკავშირი
* გუნდური მუშაობა, საბოლოო პროექტის მომზადება და წარდგენა
ბანაკი ასევე მოიცავს:
პრაქტიკულ ვორქშოფებს, ვირტუალურ სესიებს, გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრასა და მენტორებთან ინტერაქტიულ თანამშრომლობას, ნეთვორქინგ, ინტერკულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებს.