გვანცა წულაია
გვანცა წულაია არის კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, კომპანია მაიკროსოფტის სერთიფიცირებული სპეციალისტი და სერთიფიცირებული ტრენერი.
2008 წლიდან ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა წამყვან უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალფეროვანი ტრენინგები და კურსები, მათ შორის სამეცნიერო მენეჯმენტის და საუნივერსიტეტო სწავლების თანამედროვე პრინციპების შესახებ. მას ასევე აქვს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროექტებში, რითაც უზრუნველყოფს საერთაშორისო კოლაბორატორების მოზიდვას და სტუდენტთა მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას.
გვანცა წულაის სამეცნიერო-კვლევით ინტერესთა სფეროს წარმოადგენს: Fuzzy-მრავალატრიბუტული და მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების მეთოდები, აგრეგირების OWA-ს ტიპის ოპერატორები, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, ინფორმაციული სისტემების მართვა, ხელოვნური ინტელექტი და ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში. იგი გახლავთ 12-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი და ათამდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე/მომხსენებელი.
გვანცა წულაია პროგრამისტის პოზიციაზე დასაქმებულია 2006 წლიდან და აქვს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის ფართო გამოცდილება. ამჟამად იგი მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სამმართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, სადაც ხელმძღვანელობს Net დეველოპერთა გუნდს უფროსი პროგრამისტის პოზიციაზე.