ევროპის მასშტაბური COST ENIS-ის სამეცნიერო კონფერენცია საქართველოში, BTU-ს ორგანიზებით ტარდება
პირველად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. ღონისძიება გაიხსნა 13 მაისს და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას BTU თბილისში მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 24 ქვეყნის 105 მაღალი რანგის მეცნიერი, მკვლევარი და პროფესორი სტუმრობს. აღნიშნული კონფერენცია ყოველ წელს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში იმართება.
COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ არის კვლევისა და ინოვაციების წამყვანი პლატფორმა ევროპაში.
COST-ის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა. „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, 180 წამყვან მეცნიერს, მკვლევარს, პრაქტიკოსს აერთიანებს.
როგორც COST-ის სრულუფლებიან წევრს, ქართველ მეცნიერებს აქვთ წვდომა ორგანიზაციის მკვლევართა მსხვილ ქსელზე, რესურსებზე და დაფინანსების არაერთ შესაძლებლობაზე.
ასოციაციის სრულუფლებიანი წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში მასპინძლობის უფლება, COST-ის სრულუფლებიანი წევრობის ზუსტად 1 წლის თავზე მოიპოვა.