როგორ ინერგება ხელოვნური ინტელექტი გლობალურად და რა მომავალი აქვს მას? – ირაკლი ბერიძის მასტერკლასი BTU-ში
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის გამოყენებაზე საუბარი ჯერ კიდევ 50 წლის წინ დაიწყო, ბოლო 10-12 წელია, რაც ის სწრაფად ვითარდება და ინერგება სხვადასხვა სფეროში, დღეს კი დგას საკითხი, როგორ როგორ მოხდეს მისი სწორი მართვა.
რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს, როგორ ადაპტირდება ის და როგორ ხდება და მომავალშიც მოხდება მისი გამოყენება გლობალურად? – ამ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის (unicri) ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გამართულ მასტერკლასზე გასცა. BTU-მ ის საქართველოშიც ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის დანერგვის მიმართულებით გაწეული შრომისთვისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვა.
ირაკლი ბერიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა BTU-ში ახლად აკრედიტებული სადოქტორო პროგრამის შემუშავების პროცესში. პროგრამა – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“, ევროპის ქვეყნებში პირველად BTU-ში ხორციელდება. მასზე უკვე 5 კანდიდატია ჩარიცხული.
ცერემონიალის შემდეგ კი unicri-ს ხელმძღვანელმა აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების შესახებ უამბო:
როგორ დაიწყო და მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის განვითარება? – საინტერესო ფაქტები
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ახალ სფეროდ მიიჩნევა, კონცეპტუალურად ასე არ არის:
- პირველად მასზე მსჯელობა 1956 „დარტმუტის უნივერსიტეტში“, დაიწყეს, როდესაც 12 პროფესორი შეიკრიბა და გადაწყვიტეს, კომპიუტერზე დამყარებული მოაზროვნე მანქანა შეექმნათ. თავდაპირველად, პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა;
- ბოლო 10-12 წელია, რაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი ექსპონენციური ზრდა დაიწყო;
- ტექნოლოგიის სწრაფად ზრდასთან ერთად გაჩნდა სერიოზული საკითხები, რომლებიც მის სწორად მართვას შეეხება.
როგორც ირაკლი ბერიძე განმარტავს, კითხვაზე პასუხი, რატომ განვითარდა აღნიშნული ტექნოლოგია ბოლო 10 წელში ასე ექსპონენციურად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღსაქმელად, რა არის ხელოვნური ინტელექტი და რა არის საჭირო, რომ ის არსებობდეს?
unicri-ს ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტისთვის მასაზრდოებელ სამ კომპონენტს გამოყოფს: მონაცემები, კომპიუტერული სიმძლავრე და ალგორითმების არსებობა. სამივე სფეროში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში საოცარი გარღვევა მოხდა.
ირაკლი ბერიძის თქმით, აღნიშნულ პროცესს თან დაერთო კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების ზრდა ტექნოლოგიების სფეროში.
„დაახლოებით 2025 წლისთვის განსაზღვრული გვაქვს, რომ იქნება ერთი ტრილიონი დოლარის ბაზარი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, რაც უზარმაზარი ბიზნესის შესაძლებლობებს წარმოქმნის. მეორე მხრივ, ინვესტიციები განახორციელეს მთავრობებმაც და 60 ქვეყანას ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია უკვე აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოები უკვე ქმნიან დოკუმენტებს, პროგრამებს, ასახელებენ პრიორიტეტებს, მის განხორციელებაში იღებენ მონაწილეობას და ეს პროცესი დაახლოებით 3-4 წლის წინ დაიწყო“, – განმარტავს ის.
საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებელთა შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის მართვისთვის
unicri-ს ხელმძღვანელი საუბრობს გაერო-ს როლზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში. ირაკლი ბერიძე 2014 წლიდან უძღვება მის მიერ ინიცირებულ გაერო-ს პირველ პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის მიმართულებით.
2015 წელს, მისი ხელმძღვანელობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის პირველი შეხვედრა ჩატარდა, სადაც საინტერესო პროცესებს ჩაეყარა საფუძველი.
2015 წელს კალიფორნიაში ჩატარდა ერთ-ერთი პირველი კონფერენცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მართვას ეხებოდა, სადაც unicri-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძეც იღებდა მონაწილეობას. შეხვედრაზე შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მართვის პირველი პრინციპები, რათა სამომავლოდ ტექნოლოგიას პრობლემები გადაეჭრა და არა შეექმნა.
შეხვედრაში დაახლოებით 100 პირი იღებდა მონაწილეობას და მათ შორის იყვნენ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, „გუგლის“ შემქმნელი ლარი პეიჯი, „ლინკდინის“ დამფუძნებელი რიდ ჰოფმანი, „სკაიპის“ შემქმნელი იან ტალინი და სხვა. სწორედ მათი ჩართულობით შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მართვის პირველი პრინციპები, რომლებიც შემდეგ უფრო დაიხვეწა.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ამ ტექნოლოგიას საერთოდ Game changer, ესე იგი, გადამწყვეტი და სერიოზული უწოდა. ამის შემდეგ გაერო-ში გამოვიდა გენერალური მდივნის ციფრული განვითარების სამოქმედო გზა, სადაც თავიდან ბოლომდე არის გაწერილი ტექნოლოგიის გაერო-ს მდგრადი განვითარების გეგმებისთვის გამოყენების საფუძვლები და ა.შ,“ – განმარტა ირაკლი ბერიძემ.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულირების კუთხით ევროგაერთიანება მოწინავეა
გასულ წელს გამოვიდა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტი, რომელიც 2023 წლისთვის უკვე კანონმდებლობად გადაიქცევა. აქტი დაარეგულირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სხვადასხვა სფეროში და განსაზღვრავს იმ საფრთხეებს, რომლებიც რეალურად შეიძლება არსებობდეს და ასევე, მათი მართვის გზებს.
მანამდე არსებობს სექტორული მართვის მექანიზმები, – „ჩემი ცენტრი ჰააგაში, რომელიც 2017 ოფიციალურად გაიხსნა ფოკუსირდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე უსაფრთხოების, უშიშროების, საპოლიციო ასპექტებში, მართლმსაჯულებაში და ადამიანის უფლებების სწორად მართვაში. მომავალ წელს ცენტრი პირველად გამოსცემს სამუშაო წიგნს, რომელიც 194 ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის საპოლიციო სისტემაზე იქნება ადაპტირებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით, ასევე ადამიანის უფლების კუთხით გამოყენება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს და იმედია, რომ BTU-ს სადოქტორო პროგრამაც დიდ ყურადღებას დაუთმობს მათ“, – განაცხადა ირაკლი ბერიძემ.
რა მოხდება მომავალში?
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმდენად ექსპონენციურად იზრდება, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი სწორი მართვა.
არსებობს 2 საკითხი: ჯერ შორს ვართ ისეთი თემებისგან, როგორიც არის General Intelligence-ის ანუ ხელოვნური ინტელექტის იმ დონეზე განვითარება, როდესაც ის ადამიანის კოგნიტიური აზროვნების დონეს მიაღწევს, თუმცა პერიოდულად ეს თემაც წამოიწევა, – „ჩემი გადმოსახედით დაახლოებით 50 წელი ალბათ არც ამაზე და არც სუპერ ინტელექტზე არ უნდა ვინერვიულოთ, რომელზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე,“ – აღნიშნა ირაკლი ბერიძემ.
სამომავლო გეგმებსა და პროგნოზებზე საუბრისას მასტერკლასის დასასრულს ირაკლი ბერიძემ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის დანერგვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ აკადემიური, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობით მალე ის ჩვენს ქვეყანასაც ექნება.