ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 წლისაა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 წლისაა. BTU-ს იუბილეს აღსანიშნავი ცერემონიალი და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება სასტუმრო რუმსში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აშშ–ს საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების უფროსი ალექსანდრე დენიელსი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ოთო ბერიშვილი, BTU-ს უმაღლსი რეიტინგის მქონდე კურსდამთავრებული ანჟელიკა არუთინოვი და კერძო და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ უნივერსიტეტმა შექმნა 8 აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. აღნიშნული სასწავლო პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია ACCA-ის მიერ და DevOps–ის სამაგისტრო პროგრამა – Amazon Web Service Academy–ის მიერ. ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის სადოქტორო პროგრამა კი, რომელსაც BTU წელს პირველად ახორციელებს, რეგიონში პირველი სადოქტორო პროგრამაა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროგრამის განხორციელება გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით იწყება.
BTU თანამშრომლობს 74 წამყვან უნივერსიტეტსა და ორგანიზაციასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაცვლით პროგრამების რაოდენობა კი 110–ს უტოლდება. რეგიონში პირველად BTU გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინოვაციური ქსელის (MIT – Martin Trust Center) წევრი უკვე მეოთხედ. უნივერსიტეტი ასევე გახდა Harvard MOC affiliate Network –ის წევრი.
2022 წლის მთავარი მიღწევა კი BTU–ს ბაზაზე წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის ფილიალისა და კამპუსის გახსნა გახლავთ.
BTU-ში ჩარიცხული სტუდენტების რიცხვი 7429–ია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე ორი წელია უნივერსიტეტში არსებული თავისუფალი ადგილები 100%–ით ივსება.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 82% დასაქმებულია. ამ პროცესში BTU სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქტიურად ეხმარება. უნივერსიტეტი დასაქმების მიმართულებით 150–ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს. უნივერსიტეტი კურსდამთავრებულებს ასევე სთავაზობს: უწყვეტი განათლების პროგრამას, კარიერული განვითარების ცენტრის მხარდაჭერას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, მეწარმეობის ცენტრის მხარდაჭერას საკუთარი სტარტაპის განვითარების პროცესში.
BTU აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაზე, ასევე მეწარმეობასა და ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებაზე. სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტმა განახორციელა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: 500 ქალი ტექში, ქალი აგრომეწარმეების გადამზადების პროგრამა, კოდინგის სკოლა ქალებისთვის და სხვა.
BTU–ს საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი კვლევების მხარდაჭერაა. სამეცნიერო მიმართულებით უნივერსიტეტი შემდეგ თემებზე მუშაობს: ციფრული ეკონომიკა, ციფრული მმართველობა, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები და ინოვაციები. სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიზნით BTU-მ დააწესა ყოველწლიური პრემია, ასევე ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და გამოსცემს პუბლიკაციებს.