BTU-ს ჩართულობით საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამა იწყება
სილიკონ ველი თბილისი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამას განახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაციები USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეარჩია.
სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლის ანი ჭელიშვილის განმარტებით, მათ მიერ განხორციელებულ ბიზნესაქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ.
„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. დავფარავთ აღმოსავლეთ საქართველოს და ჯამში 30 ბენეფიციარს 2 ეტაპად გადავამზადებთ აგრი ტექის მიმართულებით. ჩვენი პროექტის შესახებ ა/წ სექტემბერში მასშტაბური პრეზენტაცია კახეთში გაიმართება, სადაც ნებისმიერი მსურველი მიიღებს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის, მასში მონაწილეობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია: ბიზნესს/სტარტაპს ჰყავდეს ქალი დამფუძნებელი; გვაქვს ასაკობრივი ზღვარიც: აპლიკანტები უნდა იყვნენ 18-დან 42 წლამდე. 3 კვირიანი ინტენსიური გადამზადების პარალელურად, მათ მენტორობის სპეციალურ პროგრამასაც შევთავაზებთ და წვდომას მივცემთ სპეციალურ სასწავლო მასალებზე. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს“ – განაცხადა ანი ჭელიშვილმა.
სილიკონ ველი თბილისის მსგავსად, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია შეარჩია: იმფაქთ ჰაბი, სტარტაპ ჯორჯია, სტარტაპ ბიურო.
თითოეულ ორგანიზაციას მომზადებული აქვს ბიზნესაქსელერაციის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც ტექნიკურ დახმარებას, ასევე მხარდაჭერას დაფინანსების წყაროების მოძიებაში.
USAID-ის პროექტი საპილოტეა და ის სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევას და სფეროში ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად.
სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება.