ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტარტაპების დემო დღის გამარჯვებული სტარტაპი ცნობილია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წლის ბოლო, სტარტაპების დემო დღე ჩატარდა. BTU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა, თავიანთი იდეები დემო დღეზე სხვადასხვა პარტნიორების, ფონდებისა და ინვესტორების წინაშე წარადგინეს.
დემო დღის გამარჯვებული სტარტაპია UniKeys, რომელიც წარმოადგენს უკონტაქტო გასაღებს აპარტამენტებისა და სასტუმროს ნომრებისთვის. UniKeys ყოველი ახალი სტუმრისთვის აგენერირებს უნიკალურ QR კოდს, რომელსაც მასპინძელი უგზავნის სტუმარს პირისპირ შეხვედრის გარეშე, რაც პანდემიის პირობებში მომსახურებას საგრძნობლად აადვილებს.
სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი სტარტაპი შექმნილია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების სალომე ნაფეტვარიძის და მიხეილ თაბაგარის მიერ.
დემო დღის ოფიციალური პარტნიორი თიბისი სტარტაპერი იყო, რომელმაც შერჩეული გუნდებისთვის ჩაატარა ბუთქემფი და მოამზადა დემო დღის ფიჩინგისთვის.
გაეცანით სტარტაპებს, რომლებიც ჟიურის წინაშე წარსდგნენ:
Business Order – შეკვეთებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციების ელექტრონული პლატფორმა, კომპანიებისთვის და დისტრიბუტორებისთვის.
GALLERYONE – ციფრული გალერეა და დასაქმების პლატფორმაა ფოტოარტისებისთვისა და ფოტოსერვისით დაინტერესებული პირებისთვის
GEC (Georgian Educational Community) – განათლების თანამედროვე სისტემის პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიისა და უნივერსიტეტის შერჩევაში.
SelfChef – პლატფორმა, რომელიც ეხმარება პროფესიონალ მზარეულებსა და კულინარიით დაინტერესებულებს გაყიდონ სახლში დამზადებული კერძები და გახდნენ მცირე მეწარმეები.
ციძა – პლატფორმა, სადაც, მომხმარებელს, შეუძლია, მოიძიოს შინაური ცხოველისთვის დროებითი მომვლელი. მეორე მხრივ, ადამიანებს უჩნდებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი.
Carline – ავტონაწილების ყიდვისა და ავტოსახელოსნოს ჯავშნის აპლიკაცია.
Kalata – არის აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს კულინარიის მოყვარულებს და სთავაზობს კერძების მომზადების ვიდეოგიდებს.
პირველ ადგილზე გასულ სტარტაპს, UniKeys, TBC სტარტაპერმა გადასცა პროდუქტის ბრენდინგის მომსახურება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა კი – ვებსაიტის შექმნის მომსახურება, NASTA (ქართული ნაციონალური სტარტაპების ასოციაცია) მათ ინვესტორების მოძიებაში დაეხმარება.
- Phubber-ი დემო დღის ყველა მონაწილეს საჩუქრად პროექტის განვითარების 1-საათიან მენტორინგ სესიებს ჩაუტარებს.
- NASTA (ქართული ნაციონალური სტარტაპების ასოციაცია) დემო დღის ყველა მონაწილეს მოამზადებს ინვესტორებთან შესახვედრად შემდგომი დაფინანსების მიზნით.
- ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” თავის რჩეულ გუნდ “ციძას” დაეხმარება, პროფუქტის საბოლოო სახემდე მიყვანასა და კომერციალიზაციაში.