ტექნოლოგიები ბიზნესში – BTU-ში ახალი ტექლაბი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა
Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალიზაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები – ეს ყველაფერი უკვე დაგეგმილია BTU-ს ახალი ტექლაბის „ინდუსტრია 4.0-ის ფარგლებში, რომელიც 24 მარტს გაიხსნა.
„ევროკავშირის მხარდაჭერით გახსნილი ლაბის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები ბიზნესში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებას ეხება. ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ტექბრენდების ჩართულობით და ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით ჩატარდება. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი 2021 წლის აპრილიდან დაიწყება. აქტივობები იგეგმება როგორც სტუდენტებისთვის, ისე სტარტაპებისა და უნივერსიტეტის ინდუსტრიული პარტნიორებისთვის“.
პროექტის პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, რომლებიც ლაბის ფარგლებში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმნელადაც ერთიანდებიან: “Digital Strategist: Developing New Digital Initiatives” BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, ლაბორატორია და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სასწავლო პროგრამებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტ და ეფექტურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
„დღეს ნებისმიერი ბიზნესი მჭიდროდ უკავშირდება ტექნოლოგიებს. მოსაზრება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს ბიზნესი არ აინტერესებს და პირიქით, სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს არის ჩვენი ახალი ლაბორატორიის მიზანიც. ახლო პარტნიორებთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუდენტებს წვდომა ექნებათ ბიზნესისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. ტრენინგები ხვალიდან დაიწყება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს ყველაფერი კი ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
MIT-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების პარალელურად, BTU-სა და ტექლაბის პარტნიორები არიან წამყვანი ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიები. მათ შორისაა Orient Logic, LAB, Spectre, VR House და სხვა კომპანიები, რომლებიც ლაბის ფარგლებში საინტერესო ვორკშოპებსა და სემინარებს გამართავენ.
Spectre-ის დირექტორის ნათია წინწალაშვილის განმარტებით, მათი ინიციატივით ლაბის გახსნისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოს ბაზარზე მოთამაშე წამყვანი მწარმოებლების მოწვევა მოხდა.
„ჩვენ გახსნის დღიდან ვთანამშრომლობთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და მოხარული ვარ, რომ არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ წამოწყებაშიც ვიღებთ მონაწილეობას და ლაბის ტექნოლოგიური პარტნიორები ვართ. ჩვენს კომპანიას უამრავი ინოვაციური პროექტი აქვს განხორციელებული როგორც მსხვილი, ისე წვრილი და საშუალო ბიზნესებისთვის. მზად ვართ ეს საინტერესო გამოცდილება სტუდენტებსა და სტარტაპებს გავუზიაროთ. გარდა ამისა, სპეციალურად ლაბის გახსნისთვის მოვიწვიეთ ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოს მოწინავე მსხვილი მწარმოებლები, რომელთა გამოცდილებაც, ჯერჯერობით, საქართველოს ბაზარზე არ გაზიარებულა,“ – განაცხადა ნათია წინწალაშვილმა.
ტექლაბი 4.0 2021 წლის აპრილში უმასპინძლებს Volvo-ს ბელგიის ოფისის სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასს.
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია 4.0 შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4 ფარგლებში.