ქართული სტარტაპი „საპო“ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
ბრიტანეთის საბჭოს პროექტისა და კონკურსის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული საქართველო გახდა. კონკურსში, რომელშიც 7 ქვეყნის 90 ინსტიტუცია მონაწილეობდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არტ ინკუბატორის წევრმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა.
გამარჯვებული პროექტის ავტორები არტ ინკუბატორის წევრები ნაილი ვახანია და თენგიზ კავკასიძე არიან. სტარტაპი „საპო“ ამზადებს ნატურალური ინგრენდიენტებისგან ხელნაკეთ საპონს, რომელსაც აქვს ცხოველების ფორმა. იდეა მდგომარეობს შემდეგში: დამზადებული საპნების საშუალებით ბავშვებს შეუყვარდეთ ხელის დაბანა. ყველა საპონს რომელსაც აქვს ცხოველის ფორმა, მოყვება საკუთარი ზღაპარი, სადაც აღწერილია ამ პერსონაჟის თავგადასავალი, თუმცა ყველა თავგადასავალს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც გრაგნილის სახით არის დახვეული და დამალულია საპონში. ზღაპრის ბოლოს ბავშვებს შეხვდებათ წარწერა რომ თუ გსურთ ამბის დასასრულის გაგება რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიბანოთ ხელი და ამბის დასასრულს საპონში იპოვით.
ქართველ სტარტაპერებთან ერთად ბრიტანეთში გამართულ კონკურსში კიდევ 6 ქვეყნის გამარჯვებული გუნდი მონაწილეობდა. პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ 7 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტარდება.
თბილისის კრეატიული ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship-ის ერთობლივი პროექტია.
თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. თბილისი კრეატიული ცენტრის ბაზაზე კი შექმნილია არტ იკნუბატორი, რომლის სტარტაპიც არის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ გამარჯვებული.