BTU და მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფი „ჰენლის მეწარმეობის ცენტრი“ მეწარმეობის ცენტრს აფუძნებენ
მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფი „ჰენლის მეწარმეობის ცენტრი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ახალ ცენტრს აფუძნებს. აღნიშნულის შესახებ Reading-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა „სილიკონ ველი თბილისში“ მიმდინარე სამუშაო ვიზიტისას განაცხადეს.
ცენტრის უმთავრეს მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებთან წვდომის გაადვილება, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებების წარმოება, მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო რეგიონალური კვლევების განხორციელება და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებისთვის საჭირო ყველა აქტივობის ცენტრალიზებულად გამართვა წარმოადგენს.
საქართველოსთვის აღნიშნულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან „ჰენლის მეწარმეობის ცენტრი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ცენტრში ისწავლება მეწარმეობის მოდულები და ამავდროულად მცირე და საშუალო ბიზნესებსაც ეხმარება განვითარებაში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ჰენლის მხარდაჭერით მეწარმეობის ცენტრის გახსნით საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები და განვითარება დაიწყება.
29 მაისს, სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის სილიკონ ველი თბილისში, საქართველოში პირველად, კერძო სექტორის ჩართულობით გლობალური სტარტაპ ფონდი შეიქმნა, რომელიც ყოველწლიურად, ქართული სტარტაპების დაფინანსებას და საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას განახორციელებს. ფონდის პრეზენტაციას ისრაელის მოწინავე ტექ კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ქართველი მეწარმეები და სტარტაპები და სხვა მრავალი სტუმარი დაესწრო. 100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ინვესტორებს და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ. გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად, 650 000 ლარის ფარგლებში. გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს 30,000$-ს ღირებულების საკონსულტაციო და ტექსერვისებს.