მედიატური “სილიკონ ველი თბილისში”
მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ”სილიკონ ველი თბილისის” პროექტი მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი,IT აკადემია, სწრაფი გადამზადებისა და დასაქმების ცენტრები.
მისივე თქმით, 100-ზე მეტ კომპანიასთან გაფორმებულია მემორანდუმები და სტუდენტებს განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
”სილიკონ ველი თბილისმა” მოიპოვა ექსკლუზიური წვდომა გლობალურ სამუშაო ადგილებზე საქართველოდან დასაქმების შესაძლებლობაში, სადაც ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეგაკომპანიები ათ მილიონზე მეტ სამუშაო ადგილზე საკუთარ მოთხოვნებს აფიქსირებენ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საგანმანათლებვლო პროგრამები იქნება სამ – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი საფეხურებზე.
”ჩვენ ვასწავლით ორი მიმართულებით, ეს არის ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები. თუმცა, ჩვენი პროგრამების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მიმართულებები ერთგვარ სინთეზშია”, – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
მრავალმილიონიანი პროექტი – „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „სილიკონ ველი თბილისი“, ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში მდებარეობს. უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის კომუნიკე წამყვან კომპანიებთან საქართველოსა და უცხოეთში.
„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.