515-მა კურსდამთავრებულმა BTU წარმატებით დაასრულა
მიმდინარე წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 515-მა სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება 7 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებასთან ერთად გაიმართა. 15 ყველაზე მაღალრეიტინგული კურსდამთავრებული გამოსაშვებ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის კორპორაციული და ტექნოლოგიური პარტნიორები, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები. საღამოს სიტყვით გამოვიდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 7 წლის წინ მიიღო. ამ დროისთვის უნივერსიტეტში საერთო ჯამში ჩარიცხულია 8 790 სტუდენტი. BTU-ს 1 574 კურსდამთავრებული ჰყავს.
როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. მიმდინარე წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უპრეცედენტოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. 10 000-ზე მეტი მსურველი აბიტურიენტიდან 1010 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა საბაკალავრო საფეხურზე. 500-ზე მეტი მსურველიდან კი 225 სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
ამ დროისთვის უნივერსიტეტში შემდეგი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება: საბაკალავრო საფეხურზე – ბიზნეს ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნეს ადმინისტრირება (ფინანსები), საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული მარკეტინგი; სამაგისტრო საფეხურზე – საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს DevOps-ის სამაგისტრო პროგრამაზე პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება იყო.
უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ჩართულია უწყვეტი განათლების პროგრამაში, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა კურსდამთავრებული საჩუქრად 100%-იანი დაფინანსებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაივლის 300-ზე მეტი შეთავაზებული კურსიდან მისთვის სასურველს, ნებისმიერ დროს. ყველა კურსდამთავრებულს მოემსახურება კარიერული განვითარების ცენტრი, ტრენინგებითა და გადამზადებებით. მათ ასევე წვდომა ექნებათ კურსდამთავრებულთა ქსელთან.